Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც დღეს ხმაურით წარმართულ ყრილობაზე თანამდებობაზე მისი კონკურენტი იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამ უკანასკნელს პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდებოდა, თუმცა 25 დელეგატისკან საჭიროზე მეტი 42 ხმა მიიღო. აი, რა უთხრა აბუსერიძემ საქართველოს პირველ არხს:

“სამწუხაროა, რომ არამორაგბეებმა დააფიქსირეს თავისი აზრი. ვისაც ჰქონდა უფლება და ნება, აიძულეს, რომ სხვებისთვის გადაეცათ მინდობილობები. პირდაპირ გეუბნებით – ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით. სამარცხვინოა, რაც დღეს მოხდა და რა ფორმითაც ჩაატარეს ეს არჩევნები. ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვან. თავად კლუბები გადაწყვეტენ, იმიტომ, რომ ვატყობ, ეს პროტესტი გაგრძელდება. რაც ხდება ამაზრზენია. დაველოდით მოვლენების განვითარებას. დღეს ტყემალაძესთან შეხვედრას არ ვაპირებთ, ჩვენი გეგმა გვაქვს. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ დღევანდელ სიტუაციაზეც და სამომავლო გეგმებზეც. მრცხვენია დღევანდელი დღისთვის. სამწუხაროა, რომ გრძელდება ბოლო წლების პოლიტიკა. ხელების გადაგრეხვით სურთ პრეზიდენტად მოსვლა“.

არჩევნებს წინ უძღოდა პროტესტი და ფიზიკური დაპირისპირება შენობის შესასვლელთან. ერთმანეთს აბუსერიძისა და ტყემალაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შეიყვანეს. აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რაგბის კავშირის კანონიერი პრეზიდენტი 2020 წლის 30 დეკემბერს არჩეული ირაკლი აბუსერიძეა. თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახური არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ცნობს, ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები