Thumbnail

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელსაც რამდენჯერმე მოუხდა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ვეტერანი მორაგბე სიმონ მაისურაძე და ჟურნალისტები. დაპირისპირების მიზეზი ადგილზე სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა, რომელიც ამ დროისთვის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლავთ.

“უბრალოდ, შიგნით შესვლას ვცდილობდით, იქიდან კი აგრესია წამოვიდა. არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო, მუშტებიც კი იქნიეს... არ ვიცი, ახლა მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს, ქვეყანაში ფაქტიურად დიქტატურაა, ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ. რაგბში რაც ხდება, ის ხდება ქვეყანაში, უსამართლობა და განუკითხაობა. ჩვენ არა მხოლოდ ირაკლი აბუსერიძის, არამედ სიმართლის მხარეს ვდგავართ, იქით მხარეს კი ის ადამიანები შეიკრიბნენ ვირთხებივით, რომელთაც პირადი ინტერესები გააჩნიათ. ტყემალაძემ 18 წლის ბავშვები ჰყავდა მოყვანილი და ტაშს აკვრებინებდა. სად ვართ? საბჭოთა კავშირი გამახსენდა”, - თქვა სიმონ მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ტყემალაძეს ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძის მხარე უპირისპირდება, რომელიც გასული წლის მიწურულს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა, საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სამთავრობო წრეებთან დაახლოებული ბიზნესმენის კანდიდატურა სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა, აბუსერიძე დანებება არ აპირებს და დღევანდელ ყრილობაზე თავის მომხრეებთან ერთად გამოცხადდა.

“რიგით მოქალაქეს, რომელიც რაგბის სამყაროსთან არ ასოცირდება, არა აქვს უფლება დააფიქსიროს ნება ქართული რაგბის მომავალზე. ის მუშაობას ვერ განაგრძობს, რადგან ქართული რაგბი არავის მონობის ქვეშ არ ყოფილა. ყოველთვის თავისი ღირსება ჰქონდა და ღირსეულად გაჰქონდა საქართველოს სახელი. რაგბის ღირსების დასამარება ხდება და ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა აბუსერიძემ. 

წესით, საქართველოს რაგბის კავშირის საერთო ყრილობა 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ადგილზე არსებული მძიმე სიტიაციის გამო, ჯერჯერობით, პროცესი წინ ძალიან ნელა მიდის.

კომენტარები

ბოლო ამბები