Thumbnail

რუსეთის პრემიერ-ლიგის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა გათამაშების ლიდერი ზენიტი 2:1 დაამარცხა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მართალია, მას გოლით ან საგოლე პასით თავი არ გამოუჩენია, თუმცა რუსულმა მედიამ მისი კარგი თამაში მაინც გამოარჩია...

sportbox.ru-ს მიმომხილველები სპეციალურად დააკვირდნენ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დუეტის თამაშს ლიდერთან მატჩში. 

ის ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდა

"კარგი ფეხბურთელი შეიძლება, გახდე, მაგრამ ტალანტად უნდა დაიბადო. მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ფიზიკური მონაცემები დიდ სპორტსმენად ვერ გაქცევს - საჭიროა ნაპერწკალი ღმერთისგან - ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში ეს ნაპერწკალი მოსჩანს. რუსეთის მიწაზე პირველივე თამაშში მან დაამტკიცა, რომ არასტანდარტულად აზროვნებს და თამაშობს. ულოგიკობა ამ შემთხვევაში, დიდი პლუსია. ეს ზენიტთან მატჩშიც გამოჩნდა. 

ზენიტთანაც შეუძლებელი იყო ქართველი ნახევარმცველის მოქმედებების გამოცნობა. სვლები მის თავში ქვეცნობიერში იბადებოდა და ყოველ კონკრეტულ წამს იცვლებოდა. თან, ბურთთან მუშაობა არ მოდიოდა საფეხბურთო ინტელექტთან წინააღმდეგობაში. უკვე მე-3 წუთზე მან პირად ვიზავი ვიაჩესლავ კარავაევს ისეთი ამოცანა დაუსახა, რომლის შესრულება მას არ შეეძლო. ბურთთან კონტაქტის გარეშე ხვიჩამ ის მცველის ერთ მხარეს გაუშვა და მეორე მხრიდან მიითპ. კარავაევი, მგონი, ვერაფერს მიხვდა. ასეთი ეპიზოდები თამაშში კიდევ იყო. იმის გამოცნობა, ილუზიონისტი ცილინდრიდან რა საგანს ამოიღებდა, შეუძლებელი იყო. ერთხელ ის ერთდროულად სამ ზენიტელს გაცდა". 

ხვიჩამ დაცვაშიც კარგად ითამაშა

რუსული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ შეტევაში არ იყო ხვიჩა კარგი, მისი ფლანგი ერთხელაც არ ჩავარდნილა. კვარაცხელია საუცხოო იყო ართმევებშიც. "კიდევ ის მოგვწონს ხვიჩაში, რომ ეს ბიჭი "პიჟონი" არ არის - ის მეტოქეს პატივს სცემს, არ სიმულიანტობს". 

📺 რუბინი v ზენიტი [მიმოხილვა]

"ჩემპიონატმა" ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.0 ბალანსით შეაფასა, ხოლო whoscored.com-მა 7.9 ქულა დაუწერა. მასზე მეტი მხოლოდ მეორე გოლის ავტორმა მაკაროვმა (8.9) მიიღო. მან მატჩში 9 დრიბლინგი შეასრულა, მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ ზუსტად. 

რუბინი 34 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 14 მარტს ჯიმი ტაბიძის უფას ესტუმრება. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში 2 გოლი და 7 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები