Thumbnail

'დინამოსთან მატჩს ორმაგი მოტივაციით ვხვდებით' - ინტერვიუ გიორგი ზარიასთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი V დინამო ბათუმი გიორგი ზარიასთვის განსაკუთრებული თამაშია
  • ცენტრალური მატჩის წინ პოპსპორტი ბათუმელთა ნახევარმცველს გაესაუბრა

საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო ბათუმი დინამო თბილისს სტუმრად დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი ზარიასთვის, რომელიც ამჟამად ბათუმელთა ღირსებას იცავს, მანამდე კი, წლების განმავლობაში, დინამო თბილისის წევრი იყო. პოპსპორტი 23 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა. ზარია ამბობს, რომ ის აფასებს დინამო თბილისს, მაგრამ ეს მისი წარსულია და ახლა მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული, რომელსაც დინამო ბათუმი ჰქვია.

POPSPORT: როგორი განწყობაა მატჩის წინ გუნდში და როგორ ფორმაში ხართ?

გიორგი ზარია: მატჩს ორმაგი მოტივაციით ვხვდებით, რადგან უშუალო კონკურენტთან გვაქვს თამაში და თან წინა შეხვედრაში ქულები დავკარგეთ. ამიტომ, აუცილებლად 3 ქულა გვჭირდება და ამისთვის მაქსიმალურად ვემზადებით.

POPSPORT: ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გიწევს დაპირისპირება და შენთვის განსაკუთრებული თამაში იქნება...

ზარია: დიახ, პირველად მიწევს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში. ჩემი პირველი სახლი იყო დინამო თბილისი, მაგრამ "დინამო არენაზე" თავს უხერხულად არ ვიგრძნობ და თუ ვითამაშებ, ვეცდები, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდისთვის. დინამო თბილისი ჩემი წარსულია, ახლა კი დინამო ბათუმში ვთამაშობ და მაქსიმალურად დავიხარჯები. შებოჭილი ნამდვილად არ ვიქნები, რადგან სტადიონზე ყველაფერი გავიწყდება. მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.

POPSPORT: დინამო თბილისის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რისი თქმა შეგიძლია - როგორც ამ გუნდის ყოფილ ფეხბურთელს?

ზარია: დინამო თბილისი შინ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა, თითქმის მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა და რთულია სუსტ მხარეებზე საუბარი. მთლიანობაში, ამ გუნდის ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს აკეთებენ.

POPSPORT: როგორ მიმდინარეობს დინამო ბათუმში შენი ადაპტაცია?

ზარია: თავიდან გამიჭირდა, რადგან ტრავმა მივიღე და 2 კვირა გამიცდა, თუმცა, უკვე მაქსიმალური დატვირთვით ვვარჯიშობ და თამაშებისთვის ვემზადები. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციის პერიოდი თითქმის დასრულდა.

PREVIEW | ფავორიტების თამაში თბილისში - ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ

POPSPORT: რამდენად კმაყოფილი ხარ ამ გადმოსახედიდან შენი არჩევანით?

ზარია: დადებითად ვაფასებ, რადგან ყველაფერი მაღალ დონეზეა. ვარჯიშები, გუნდი, თანაგუნდელები, შიდა სამზარეულო - ყველაფერი იდეალურადაა და ფეხბურთელისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

POPSPORT: როგორ შეაფასებ საქართველოს ჩემპიონატის განვლილ ორ თამაშს?

ზარია: შუქურასთან დასანანი ფრე იყო, მაგრამ სეზონის სტარტზე თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ მიმაჩნია, რომ საგანგაშო არაფერია და ყველაფერი წინ არის. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, უცვლელია - ჩემპიონობა.

POPSPORT: დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის ბოლო მატჩში გოლი გაიტანე. ახლა რომ გაიტანო, თუ აღნიშნავ?

ზარია: რა თქმა უნდა, არ აღვნიშნავ. როგორც გითხარით, დინამო თბილისმა ყველაფერი მომცა, იქ 6 წელი ვითამაშე, რასაც ვაფასებ და ამ გუნდისადმი ჩემი პატივისცემის გამომხატველი ჟესტიც ეს იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარია დინამო ბათუმს იანვარში, დინამო თბილისიდან შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატის განვლილ ორივე ტურში ითამაშა, თუმცა ორჯერვე შეცვლაზე. თბილისელთა და ბათუმელთა შეხვედრა 9 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები