Thumbnail
  • 📅 9 მარტი | ⌚ 23:55 | ⚽ იუვენტუსი V პორტუ
  • იუვენტუსს უკან დასახევი გზა არ აქვს, მაგრამ რთულ სიტუაციაშია
  • პორტუ წნეხის გარეშე ითამაშებს, 'დრაკონებს' დასაკარგი არაფერი აქვთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

რომ არა ფედერიკო კიეზას მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლი, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნებოდა. ტურინულმა გრანდმა პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და კიეზას დამსახურებაა, რომ ყველაფერი არცისე ცუდად დამთავრდა, როგორც მის გოლამდე - მთელი 82 წუთი ჩანდა.

ეს თამაში დიდწილად ანდრეა პირლოს და მისი გუნდის სეზონის შეფასების ინდიკატორი იქნება. რატომ? იუვე თუ პორტუგალიურ ბარიერს ვერ დაძლევს, ეს სრული ფიასკო იქნება - მითუმეტეს, იმის ფონზე, რომ ტურინელები სერია A-შიც ძალიან ახლოს არიან 'სკუდეტოს' დაკარგვასთან და ჩემპიონთა ლიგაზე ნაადრევი მარცხი, ცხადია, ყველაფერს მუქ ფერებში გამოაჩენს. მეორე მხარეს არის პორტუ, რომელიც წნეხის გარეშეა და მას იუვენტუსთან წაგების გამო ალბათ არავინ გააკრიტიკებს, მაგრამ მაინც: სერჟიო კონსეისაოს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში იმდენად ცუდად თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა ერთადერთი ნუგეში უნდა იყოს.

როგორც ვთქვით, სამი კვირის წინ პორტუმ შინ 2:1 მოიგო. იქ ორივე ტაიმის სტარტზე საოცრებები მოხდა: პორტუმ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, როდესაც როდრიგო ბენტანკურის უყურადღებობით მეჰდი ტარემიმ ისარგებლა, ხოლო მე-2 ტაიმის სტარტზე პორტუგალიელს რამდენიმე წამი დასჭირდათ გასატანად და ეს ორი გოლი შეიძლება იტალიურ გრანდს ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა კიეზამ მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, სტუმრად გატანილი გოლი კი პლეი ოფში ბევრს ნიშნავს. ამდენად, იუვე ისევ ბრძოლაშია, თუმცა მაინც რთული ამოცანის წინაშე დგას. მითუმეტეს, რომ სტატისტიკა გვიჩვენებს: ტურინულ კლუბს უჭირს მაშინ, როდესაც აშკარა ფავორიტია - ასე იყო შარშან ლიონთან და გავარდა (სტუმრად სწორედ ერთბურთიანი ჩამორჩენა ვერ ამოქაჩა) და შარშანწინ, როდესაც ამსტერდამის აიაქსის ბარიერი ვერ გადალახა. მოკლედ, ახლო წარსული იუვეს საგანგაშო სიგნალს აძლევს, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება მწარე გაკვეთილი სათავისოდ გამოადგეს.

პორტუ არ ბრწყინავს პორტუგალიის ჩემპიონატში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობს. რომ არა კიეზას გოლი, პორტუგალიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი პირველი ტურის მერე არ ექნებოდა გაშვებული. თუმცა, ცხადია, იუვეს დონის გუნდთან ორივე თამაშის იდეალურად ჩატარებას დიდი ძალისხმევა და კონცენტრაცია სჭირდება.

ტურინელები კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ მთავარია, როგორ იქნებიან მატჩის შემდეგ

იუვენტუსი ბოლო დროს კრიზისში იყო, მაგრამ შაბათს ლაციოსთან შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა და პორტუსთან თამაშის წინ რამდენიმე ფეხბურთელიც დაუბრუნდა. მაგალითად, ლეონარდო ბონუჩი, ხუან კუადრადო, არტური და მატეის დე ლიხტი - ყველა ძირითადში იქნება. გამოჯანმრთელდა ჯორჯო კიელინიც, მაგრამ მას სწორედ პორტუსთან პირველი მატჩის მერე არ უთამაშია და ალბათ სასურველ ფორმაში არ იქნება. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ დაცვის ცენტრი ბონუჩი-დე ლიხტის ტანდემით დაკომპლექტდება. იუვე დანაკლისის გარეშე მაინც არ არის: პაულო დიბალას ისევ ტრავმა აქვს, დანილო დისკვალიფიცირებულია, ხოლო როდრიგო ბენტანკური კოვიდინფიცირებული. მეორეს მხრივ, პორტუს არავინ აკლია და მოედანზე საუკეთესო შემადგენლობის გაყვანა შეუძლია. პეპესა და ხესუს კორონას თამაში ჯერაც საეჭვოა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პორტუგალიელიც და მექსიკელიც მინდორზე იქნებიან.

"ეს თამაში არ არის გადამწყვეტი ჩემი მომავლისთვის, ეს გადამწყვეტია ჩემპიონთა ლიგაზე სეზონისთვის. ტექნიკური თამაშის ჩატარება გვჭირდება, რადგან ძალიან კომპაქტური გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ისინი ძალიან ვიწროდ თამაშობენ, ამის წინააღმდეგ კი ტექნიკა და მოთმინებაა საჭირო. მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური იქნება მომდევნო ეტაპზე გასვლა, ფინალის ტოლფასი თამაშია, მაგრამ ასევეა პორტუსთვისაც," - აცხადებს მატჩის წინ პირლო.

"მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. პორტუს ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მდიდარი და დიდია. ჩვენ იდეალურად მოვემზადეთ შედეგის მისაღწევად, რომელიც შესაფერისია პორტუსთვის და ეს მხოლოდ გამარჯვება იქნება," - ეს სერჟიო კონსეისაოს სიტყვებია.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსს პორტუსთან ორივე საშინაო მატჩი მოგებული აქვს: 2001 წლის ოქტომბერში 3:1 და 2017 წლის მარტში 1:0, სწორედ მერვედფინალის საპასუხო თამაში.

⚽ პირველი შეხვედრა პორტუმ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად დაამარცხა იუვენტუსი (1 ფრე, 4 წაგება). პორტუს იტალიაში ბოლო 5 საგარეო თამაში წაგებული აქვს, მას შემდეგ, რაც 1996 წელს მილანი 3:2 დაამარცხა.

⚽ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 2 აქვს წაგებული (8 მოგება, 2 ფრე). ეს ორი მარცხი ბოლო სამი სეზონით თარიღდება: 2017/18 წლების სეზონში რეალთან 0:3 და 2018/19 წლების სეზონში აიაქსთან 1:2.

⚽ პორტუს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 13 საგარეო თამაში არ მოუგია (4 ფრე, 9 წაგება). ბოლოს პორტუგალიელებმა ეს 2003/04 წლების სეზონში გააკეთეს, როდესაც ნახევარფინალში ლა კორუნიის დეპორტივოს 1:0 აჯობეს.

⚽ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას ბოლო 6 შემთხვევიდან 5-ჯერ გამოეთიშა, როდესაც პირველი თამაში წააგო. ერთადერთი გამონაკლისი 2018/19 წლების სეზონში იყო, როდესაც ატლეტიკოს მოუგო (0:2, 3:0).

⚽ პორტუ ბოლო სამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, როდესაც პირველი თამაში მოიგო: 2009/10 წლების სეზონში არსენალთან, 2012/13 წლების სეზონში მალაგასთან და 2014/15 წლების სეზონში ბაიერნთან.

⚽ პორტუს შანსი აქვს, ზედიზედ სამ საგარეო შეხვედრაში არ გაუშვას გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად. "დრაკონებს" პლეი ოფში გასვლაზე 19 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ აქვთ კარი მშრალად შენახული: 1:0 დეპორტივოსთან 2004 წლის მაისში და 2018 წლის მარტში 0:0 ლივერპულთან.

⚽ კრიშტიანო რონალდომ პირველ მატჩში კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, რაც მისი კარიერის ანტირეკორდია პლეი ოფიში 2010/11 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ბარსელონასთან ნახევარფინალში საერთოდ არ დაურტყამს.

⚽ რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 10 საშინაო მატჩში 10 გოლი გაიტანა. 2018/19 წლების სეზონიდან მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა შინ უფრო მეტი გოლი (14).

⚽ 2018/19 წლების სეზონის სტარტიდან მუსა მარეგამ ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა და პორტუში ეს საუკეთესო შედეგია. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც იუვენტუსს პლეი ოფის სტადიაზე ორივე მატჩში გოლი გაუტანა, კრიშტიანო რონალდოა (2017/18 წლების სეზონში რეალის მაისურით).

⚽ იუვენტუსი-პორტუს ბოლო ხუთ ურთიერთმატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ პორტუს ბოლო 5 თამაშში კი 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთში ხუთჯერ უთამაშიათ და უპირატესობას იუვე ფლობს: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - კიეზა, რაბიო, არტური, რემზი - მორატა, რონალდო
ტრავმა, დისკვალიფიკაცია ან კოვიდინფიცირებული: დიბალა, ბენტანკური, დანილო

პორტუ (4-4-2): მარჩესინი - მანაფა, პეპე, დიოგო ლეიტე, ზაიდუ - ოლივიერა, ურიბე, ოტავიო, კორონა - მარეგა, ტარემი

კომენტარები

ბოლო ამბები