Thumbnail

ბასილაშვილი მერვედფინალშია - მოგება ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:6, 6:4, 6:2 ჯონ მილმანი
  • ქართველი ჩოგბურთელი ხვალ წყვილებშიც ითამაშებს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 890 920 დოლარი) პირველი წრის დაძლევა მოახერხა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიჩნეულ ავსტრალიელ ჯონ მილმანთან პირველი სეტი წააგო.

ნიკოლოზმა პირველ სეტში ბრეიკი კი განახორციელა, თუმცა, თავად მოწოდება 3-ჯერ დათმო და 2:6 დამარცხდა, მე-2 სეტში უკვე თავად მიითვალა 3 ბრეიკი, თუმცა, ვინაიდან მოწოდება 2-ჯერ წააგო, მხოლოდ 6:4 იმარჯვა. ყველაფერი მე-3 სეტში გადაწყდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, საათისა და 53 წუთის თავზე, მილმანს 2:6, 6:4, 6:2 მოუგო.

ნიკოლოზმა 7 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 3 და 0), პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 71% (42-დან 30) მოიგო, მეორეზე კი – 41% (27-დან 11). ბასილაშვილმა 9-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ დათმო. ვთქვათ ისიც, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ მოიგო, ავსტრალიელთან ურთიერთშეხვედრებში კი 3:2 დაწინაურდა.

ამგვარად, საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც დღეს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილამდე დაქვეითდა, დოჰას ტურნირის მერვედფინალში გავიდა. იქ ის მე-8 ნომრად განთესილ ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და “უაილდ ქარდის” მქონე ტუნისელ მალეკ ჯაზირის მატჩში უმჯობესს შეხვდება. ეს თამაში 9 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

ვთქვათ ისიც, რომ ხვალვე ბასილაშვილი ყატარში ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან გახლავთ შეამხანაგებული. ცნობილია, რომ ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მერვედფინალში დანიელ ფრედერიკ ნილსენსა და გერმანელ ტიმ პუეცს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები