Thumbnail

NBA-ს ოლ სტარის მთავარ შოუს, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის გუნდები დაუპირისპირდნენ, წინ ჯერ ჩატენვების, 3-ქულიანების და ‘სქილების’ კონკურსები უძღოდა.

სამქულიანების ძალიან მაგარი პაექრობა სტეფ კარიმ მოიგო - გამარჯვებულის ბედი აქ ბოლო სროლამ გადაწყვიტა. ‘სქილების’, ანუ უნარ-ჩვევების შეჯიბრი კი ინდიანა პეისერსის ლიდერმა, გოგა ბითაძის თანაგუნდელმა დომანტას საბონისმა მოიგო. ლუკა დონჩიჩმა და კრის პოლმა კი ეს კონკურსი ნაადრევად დაასრულეს.

‘სქილების’ კონკურსში შემდეგი კალათბურთელები მონაწილეობდნენ: რობერტ კოვინგტონი (პორტლენდი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), კრის პოლი (ფინიქსი), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი), დომანტას საბონისი (ინდიანა) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო).

ნახევარფინალში ვუჩევიჩი კრის პოლს დაუპირისპირდა, ხოლო საბონისი კი - დონჩიჩს. ფინალში, ბევრისთვის მოულოდნელად სწორედ ვუჩევიჩი და საბონისი გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიეტუველი შარშანაც ფინალში იყო, სადაც ბემ ადებაიოსთან დამარცხდა. ინდიანას ლიდერმა ამჯერად ფინალი მოიგო.


“ეს ტიტული ჩემი ოჯახისთვის და გულშემატკივრებისთვისაა,” - განაცხადა 24 წლის საბონისმა.

სამქულიანების კონკურსში შემდეგი კალათბურთელები მონაწილეობდნენ: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), დონოვან მიტჩელი (იუტა) და მაიკ კონლი (იუტა). 

ზუსტად ისე, როგორც შარშან, თითოეულ მონაწილეს ამჯერადაც 70 წამი ჰქონდა. ჩვეულებრივ სამიანზე 1 ქულა ეწერებოდათ, ე.წ. Moneyball-ზე 2 და Moneyball-Rack-ზეც 2 ქულა. ასევე იყო ორი Dew-ზონა და ორი შორეული სამიანი, რასაც 3 ქულა მოჰქონდა. კარის ყველაზე მეტი წინააღმდეგობა კონლიმ გაუწია. გოლდენ სტეიტის ლიდერს გამარჯვება ბოლო ტყორცნამ მოუტანა. მან ფინალური რაუნდი 28 ქულით დაასრულა, კონლის კი 27 ჰქონდა. ამრიგად, სტეფმა სამიანების კონკურსი 2015 წლის შემდეგ მეორედ მოიგო.


ჩატენვევის შოუ არცისე სანახაობრივი გამოვიდა და მისი გამარჯვებული პორტლენდელი ანფერნი საიმონსი გახდა, რომელმაც ბოლოს ობი ტოპინი დაამარცხა. ინდიანა პეისერსის კასიუს სტენლი შეჯიბრს პირველი რაუნდიდან გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები