Thumbnail
  • სიტი 0:2 იუნაიტედი | გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (2 პენ.), 0:2 შოუ (50)
  • ოლე გუნარ სულშერი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში ჩაეწერა

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მთავარი დაპირისპირება "ეტიჰად სთედიუმზე" იყო, სადაც მანჩესტერულ დერბიში სიტიმ იუნაიტედს უმასპინძლა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში ოლე გუნარ სულშერის გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩენის ბოლო შანსი გახლდათ, ხოლო სიტისთვის პირიქით - ყველაფერზე წერტილის დასმა შეეძლო, რადგან ამ ტურამდე მეტოქეს 14 ქულით უსწრებდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ამ მატჩს საოცარი სერიით შეხვდა: ზედიზედ 28 წაუგებელი შეხვედრა და 21 მოგება! თუმცა, იუნაიტედმა ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და "ქალაქელთა" შთამბეჭდავ სერიას ბოლო მოუღო. სტუმრებმა ორივე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს: ანგარიში პენალტით ბრუნო ფერნანდეშმა მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე ლუკ შოუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. უნდა აღინიშნოს, რომ სიტის განსაკუთრებული სათამაშო უპირატესობა არ ჰქონდა და საგოლე მომენტებიც მრავლად არ შეუქმნია. ამდენად, სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

პრემიერლიგაში სიტუაცია ოდნავ, მაგრამ მაინც დაიძაბა - სიტი იუნაიტედს ახლა 11 ქულით უსწრებს და სეზონის ბოლომდე 10 ტურია დარჩენილი. მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი - საუთჰემპტონს, ხოლო ოლე გუნარ სულშერის გუნდი ვესტ ჰემ იუნიატედს დაუპირისპირდება.

ლუკ შოუ დაცვაშიც უშეცდომო იყო და გოლიც გაიტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ ოლე გუნარ სულშერი იუნაიტედის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც სტუმრად პირველი სამი მანჩესტერული დერბი მოიგო.

⚽ მანჩესტერ სიტიმ "ეტიჰად სთედიუმზე" ერთ მატჩში 2 გოლი 2020 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაუშვა (ლესტერთან 2:5), ხოლო დერბიში იმდენივე გოლი მიიღო, რამდენიც, მანამდე შინ ჩატარებულ 8 შეხვედრაში (2).

⚽ ბრუნო ფერნანდეშის პენალტი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 92-ე იყო და შარშან მთელ სეზონში შესრულდა ზუსტად 92 პენალტი.

⚽ მანჩესტერ სიტი 2020 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა (ტოტენჰემთან 0:2) და შეწყვიტა 28-მატჩანი წაუგებელი სერია. პარალელურად, გამარჯვებების 21-მატჩიანი სერია.

⚽ პეპ გვარდიოლა კარიერაში მინიმუმ 3-ჯერ 67 მწვრთნელს დაუპირისპირდა და მათ შორის, ოლე გუნარ სულშერი ერთადერთია, რომელმაც უფრო მეტჯერ დაამარცხა ესპანელი კოლეგა (4), ვიდრე თავად წააგო (3).

⚽ ბოლო 14 წელიწადში პირველად წააგეს ლივერპულმა და მანჩესტერ სიტიმ საშინაო მატჩები ერთ დღეს. ბოლოს ასეთი რამ 2007 წლის 3 მარტს მომხდარიყო, როდესაც ლივერპულს რაფა ბენიტესი წვრთნიდა (წაგება მანჩესტერთან), ხოლო სიტის - სტიუარტ პირსი (მარცხი უიგანთან).

მანჩესტერ სიტი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (2-პენ), 0:2 შოუ (50)

კომენტარები

ბოლო ამბები