Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის პირველ წრეში ჯონ მილმანს ეთამაშება
  • ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ 5 თამაში ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც არ მოუგია

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში იმყოფება და მომავალ კვირას დოჰას საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 890 920 დოლარია.

ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება და ქართველი ჩოგბურთელის ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 31 წლის ავსტრალიელი აშკარა ფავორიტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფ ბასილაშვილს ზედიზედ 5 თამაში ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც არ მოუგია, მიჯრით 4 ტურნირს კი პირველ წრეში გამოეთიშა. საინტერესოა, რომ ნიკას მსოფლიოს 39-ე ჩოგან მილმანთან კარიერაში უკვე 4-ჯერ უთამაშია და თანაბარი ბალანსი აქვს.

2015 წელს რაანანაში (ისრაელი) ქართველმა 6:3, 6:1 მოიგო, 2016-ში, პეკინში, ავსტრალიელმა რევანში აიღო – 6:7 (6:8), 6:1, 6:4, 2018 წელს, პარიზის მასტერსზე ნიკოლოზმა პირველ სეტში იმარჯვა (6:4), რის შემდეგაც ჯონი მოიხსნა, გასული წლის აშშ-ს ღია პირველობაზე კი მილმანის უპირატესობა აშკარა იყო – 6:1, 6:4, 6:4.

თუკი ბასილაშვილმა გამარჯვება მოახერხა (მატჩი 8 მარტს თბილისის დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი), მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და “უაილდ ქარდის” მქონე ტუნისელ მალეკ ჯაზირის მატჩში უმჯობესს შეხვდება. აი, ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ქართველ ჩოგბურთელს დაპირისპირება ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან მოუწევს, რომელიც კორტს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ დოჰაში უბრუნდება. როჯერს მე-2 განთესვა გააჩნია, პირველი რეიტინგით კი ტურნირზე ავსტრიელი დომინიკ ტიმი ითამაშებს.  

ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ყატარში ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან გახლავთ შეამხანაგებული. ცნობილია, რომ ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მერვედფინალში დანიელ ფრედერიკ ნილსენსა და გერმანელ ტიმ პუეცს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები