Thumbnail
  • ტაშკენტის გრანდ სლემის ბოლო დღეს 5 ქართველი დამარცხდა
  • უზბეკეთის დედაქალაქში ქართველმა ძიუდოისტებმა მედალი ვერ მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დასრულდა. შეჯიბრის ბოლო, მე-3 დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო.

უშანგი მარგიანი (90 კგ.) პირველი წრისგან თავისუფალი იყო და გრანდ სლემში ავღანელ მოდ ისმალ კაკართან შეხვედრით ჩაერთო, რომელიც მოიგო, ამას კი ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან გამარჯვებაც მოჰყვა. 1/4-ფინალში მარგიანი უნგრელ კრისტიან ტოტის გაეჯიბრა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა. ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა იასპარეზა, რომელმაც თავიდან რუსი ეკუბზონ ნაზიროვი კი დაამარცხა, მაგრამ მეორე შეხვედრაში უზბეკ დავლატ ბობონოვთან თავად დამარცხდა.

მედლის გარეშე დარჩა გიორგი ჩიქოვანიც (100 კგ.), რომელმაც ყაზახ არმან კალიევსა და ხორვატ ზლატკო კუმრიჩს აჯობა, მაგრამ მონღოლ ოტგობაატარ კხაგვასურენთან წააგო და გრანდ სლემს დაემშვიდობა. და, ბოლოს მძიმე წონა (+100), რომელშიც ადამ ოქრუაშვილი ასპარეზობდა. ქართველმა ძიუდოისტმა ყირგიზი ბეკბოლოტ ტოკტოგონოვი დაამარცხა, მეორე შეხვედრა კი ტაჯიკ თემურ რახიმოვთან დათმო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. ქალთა შორის, მძიმე წონაში (+78) სოფიო სომხიშვილმა მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველივე წრეში ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერკოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იყო ჩასული. ახლა, ქართველ ძიუდოისტებს მიმდინარე თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ელით: 26-28 მარტს თბილისის გრანდ სლემი გაიმართება და ქართველი ქომაგის მთელი ყურადღება სწორედ მისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

ბოლო ამბები