Thumbnail

იბრა საქართველოს წინააღმდეგ - ზლატანი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება

  • შვედი თავდამხმელი მუნდიალის შესარჩევში ნაკრების დახმარებას აპირებს
  • საქართველოს და შვედეთის ნაკრებები შესარჩევ ჯგუფში მეტოქეები არიან
  • მილანის ვარსკვლავის ნაკრებში დაბრუნება საქართველოსთან უნდა შედგეს 

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შეგახსენებთ, რომ შვედეთი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა და პირველი დაპირისპირება სწორედ ვილი სანიოლის გუნდთან მოუწევს. 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2016 წელს გამოაცხადა, ახლა კი 39 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის მაისურის კვლავაც ჩაცმაზე ფიქრობს. საკითხი საბოლოოდ 16 მარტისთვის უნდა გაირკვეს, როდესაც მომავალი მატჩებისთვის შვედეთის ნაკრების შემადგენლობა უნდა გამოცხადდეს.

"ჩვენს შეხვედრაზე ზლატანს არ უთქვამს "არა". კარგად ვისაუბრეთ, დიალოგი კი გრძელდება, ხოლო რა გამოვა აქედან, 16 მარტს შეიტყობთ", - განაცხადა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მედიასთან.

იბრას წინააღმდეგ თამაში MLS-ში გურამ კაშიას მოუხდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში საქართველო და შვედეთი ესპანეთთან, საბერძნეთსა და კოსოვოსთან ერთად გამოდიან. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მარტს, სწორედ შვედეთთან, სტუმრად გამართავს. 

ჯაბა კანკავას იბრას წინააღმდეგ თამაში შეიძლება კიდევ ერთხელ მოუხდეს 

ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც მილანის ღირსებას იცავს, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. კარიერის განმავლობაში იბრას ნიდერლანდების (აიაქსი), იტალიის (ინტერი, მილანი), ესპანეთის (ბარსელონა), საფრანგეთის (პსჟ) ჩემპიონატები, თასები და სუპერთასები აქვს მოგებული. შვედი თავდამსხმელი ინგლისში მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც ევროპალიგაში გაიმარჯვა. 

მილანის 39 წლის ფორვარდის შედეგიანობაზე ასაკი არ მოქმედებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 62 გოლია, რითაც ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 11-ჯერ დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები