Thumbnail
  • 📅 7 მარტი | ⌚ 20:30 | ⚽ სიტი V იუნაიტედი
  • პეპის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდება
  • "წითელ ეშმაკებს" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ 

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა კვირას, "ეტიჰადზე" გაიმართება. მანჩესტერ სიტი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება. გულშემატკივრები საინტერესო და სანახაობრივ, რიგით 185-ე მანჩესტერულ დერბის ელოდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილში ფავორიტი დასახელება ხშირად რთულია, აშკარაა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი სასწაულ ფორმაშია და "წითელ ეშმაკებს" მასთან თამაში გაუჭირდებათ. "ქალაქელებმა" ზედიზედ 28 შეხვედრა არ წააგეს, ხოლო ბოლო 21 მატჩიდან ყველა მოიგეს, მათ შორის 15 პრემიერლიგაში.

ბოლო შეხვედრებში არც თუ ისე კარგად გამოიყურება მანჩესტერ იუნაიტედი. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა ნულოვანი ფრეთი დაასრულა - ევროპალიგაზე რეალ სოსიედადთან, ხოლო პრემიერლიგაში ჩელსისთან და კრისტალ პალასთან. საერთოდაც, "წითელმა ეშაკებმა" ბოლო 5 პრემიერლიგური შეხვედრიდან 4 ფრედ ითამაშეს და მხოლოდ ერთი მოიგეს. ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონატის გასვლით შეხვედრებში კარგად გამოიყურება. "მანკუნიანელები" სტუმრად 21 თამაშია არ მარცხდებიან.

"არ ვღელავ. იმის კონტროლი შემიძლია, რაც აქ მანჩესტერ იუნაიტედში ხდება. გვსურს, რომ სიტისთან სხვაობა შევამციროთ და მივუახლოვდეთ. მათ ფანტასტიკური სერია აქვთ. ზედიზედ 21 მატჩი მოიგეს. ჩვენ 21 შეხვედრაა გასვლით შეხვედრებში არ ვმარცხდებით. ასე რომ ერთ-ერთი რეკორდი ვერ გაგრძელდება. ვნახოთ, რომელი იქნება ეს", - განაცხადა სულშერმა.

"მათ ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მათ ჰყავთ ბრუნო ფერნანდეში, რომელიც მაღალი დონის გამთამაშებელია. ეს მანჩესტერ იუნაიტედია, ყოველთვის უმაღლესი კლასის გუნდი. ჩემი მიზანია გავაკეთოთ ის, რასაც ბოლო პერიოდში ვაკეთებთ და წარმოვაჩინოთ თავი", - განაცხადა პეპ გვარდიოლამ. 

გულშემატკივრები სანახაობრივ მანჩესტერულ დერბის ელიან

ოლე გუნარ სულშერის გუნდს ბოლო ათი მატჩია არ წაუგია, ხოლო ბოლო 20 შეხვედრიდან ყველა ტურნირზე ერთად, "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 2 შეხვედრა დათმეს - შეფილდ იუნაიტედთან 1:2 და მანჩესტერ სიტისთან 0:2. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი ქულებს ხშირად კარგავს, როგორც ხედავთ, მათი დამარცხება მარტივი საქმე არაა.

ერთი შეხედვით, მანჩესტერული დერბი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეც ძალიან საინტერესო და დაძაბულია - პირველ ადგილზე მყოფი სიტი მეორე ადგილზე მყოფ იუნაიტედს ეთამაშება. თუმცა, მეორე მხრივ, სიტი იუნაიტედს 14 ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში, პეპის გუნდი ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდება.

ბოლო ტურებში დაკარგული ქულების გამო, სულშერის გუნდს წაგების უფლება არ აქვს. ამ დროისთვის იუნაიტედს 51 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფ ლესტერს ქულით უსწრებს, მეოთხეზე მყოფ ჩელსის კი - 4 ქულით. იუნაიტედს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება, მისი მთავარი მიზანი კი ოთხეულში ადგილის შენარჩუნება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პეპის გუნდი თითქმის ჩემპიონია, სიტი პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვებას და წარმოუდგენელი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

საკადრო პრობლემები უფრო მეტად მანჩესტერ იუნაიტედს აქვს. დერბიში ოლეს დე ხეა (პერსონალური მიზეზის გამო), ჯონსი, მატა და პოგბა არ ეყოლება. საეჭვოა მარსიალისა და ვან დე ბეეკის თამაშიც. რაც შეეხება სიტის, პეპის გუნდს შესაძლოა ნათან აკე ვერ დაეხმაროს, დანარჩენი ყველა მწყობრშია და თამაშს შეძლებს.

"დევიდისთვის განსაკუთრებული დღეა. როდესაც მამა ხდები, ეს ალბათ საუკეთესო გრძნობაა. ვისაც ეს ემოცია გამოუცდია, ხვდება, თუ რას განიცდის ახლა დე ხეა. მას სურდა ოჯახთან ერთად ყოფილიყო და რა თქა უნდა, ამაში ხელი არ შევუშალეთ. დინი კარგად გამოიყურება და იგი მზად არის სათამაშოდ", - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტის ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩია არ წაუგია.

⚽ "ქალაქელებმა" ყველა ტურნირზე ბოლო 21 შეხვედრიდან ყველა მოიგეს. 

⚽ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ 15 შეხვედრა მოიგო.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგურ გასვლით შეხვედრებში 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სულშერის გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩია არ წაუგია.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო სამივე თამაში ყველა ტურნირზე უგოლოდ დაასრულეს.

⚽ "მანკუნიანელებმა" პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩში 4 ფრე ითამაშეს.

⚽ ყველა ტურნირში ბოლო 5 მანჩესტერულ დერბიში 5-დან 4 მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ყველა ტურნირში ბოლო 5 მანჩესტერულ დერბიში სამჯერ სტუმარმა გუნდმა მოიგო.

⚽ ბოლო ხუთ დერბიში 2-ჯერ სიტიმ მოიგო, 2-ჯერ იუნაიტედმა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა

⚽ იუნაიტედმა პრემიერლიგაში ბოლო 7 გასვლითი შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ სიტის ბოლო 5 პრემიერლიგურ შეხვედრებში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ პეპის გუნდმა პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო - დე ბრუინი, როდრიგო, გიუნდოგანი - სილვა, სტერლინგი, ფოდენი.
ტრავმა: აკე (?)

იუნაიტედი (4-2-3-1): ჰენდერსონი - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგვაიერი, შოუ - მაკტომინეი, ფრედი - ჯეიმსი, ფერნანდესი, რაშფორდი - კავანი.
ტრავმა: ჯონსი, მატა, პოგბა, დე ხეა, მარსიალი (?), ვან დე ბეეკი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები