Thumbnail

იურგენ კლოპი: ვინც ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის გამო წავა, არ მჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენა რეალურად ემუქრება 
  • გერმანელმა მწვრთნელმა მერსისაიდელთა გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა

ინგლისის მოქმედ ჩემპიონ ლივერპულს სეზონი ისეთი არ გამოუვიდა, როგორსაც მისგან ელოდნენ და ამას მრავალი მიზეზი აქვს. ფაქტი კი ის არის, რომ იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მერსისაიდელებმა თუ შედეგები სასწრაფოდ არ გამოასწორეს, შესაძლოა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ. იურგენ კლოპმა იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კლუბის შეცვლა გადაწყვიტონ.

"ვიცი, რომ მოთამაშეები ლოიალურები არიან. არ არის ის ვითარება, რომ ფეხბურთელი მეუბნებოდეს: "მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ვიქნებით და ამიტომ უნდა წავიდე". ეს არ მოხდება. მათ საკმაოდ კარგად ვიცნობ.

ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდით, რომ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც აქ მოსვლა იმის გამო არ სურს, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ვითამაშებთ, არც მე მჭირდება. და ასევე არ მინდა ის მოთამაშეც, რომელსაც წასვლა იმის გამო სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში არ ვიქნებით", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდელებს ოთხი ტიტული მოაგებინა

53 წლის იურგენ კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან წვრთნის. გერმანელმა მერსისაიდელებს ინგლისის ჩემპიონობა (2019/20), ჩემპიონთა ლიგა (2018/19), უეფას სუპერთასი (2019) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2019) მოაგებინა. 

ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში ფულემს უმასპინძლებს. შეხვედრა “ენფილდზე” 7 მარტს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები