Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა დინამო ბათუმსა და ქობულეთის შუქურას შორის ფრედ 1:1 დასრულდა. აჭარული დერბი დაძაბული გამოდგა. 43 წუთზე ანგარიში ჯიღაურმა გახსნა, 83 წუთზე ბათუმელთა გოლს ნიკა ჭანტურიამ უპასუხა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე აღნიშნული შედეგით კმაყოფილი არ დარჩენილა, შუქურას თავკაცმა გიორგი შაშიაშვილმა კი ფრე ლოგიკურ შედეგად მიიჩნია. 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო. აჭარული დერბი ცნობილია ხისტი თამაშით, შეუპოვრობით და ასეთი მატჩიც გამოდგა. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. ჩვენთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი".

გიორგი შაშიაშვილი (ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. დინამო ბათუმს სხვა მიზნები აქვს. ისინი ფავორიტები არიან და ჩემპიონობა სურთ. ჩვენ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გადმოვედით უმაღლეს ლიგაში და რა თქმა უნდა, ბათუმთან დერბიში თამაში რთული იყო. ვთვლი, რომ მეტოქემ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე ნახევარში ვფიქრობ თამაში გამოვასწორეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და შეხვედრაც ლოგიკურად დასრულდა".

დინამო ბათუმს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. აჭარული გუნდი შემდეგ შეხვედრას 9 მარტს დინამო თბილისის წინააღდეგ გამართავს. შუქურამ მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა აიღო. გიორგი შაშიაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს ასევე 9 მარტს, სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 დინამო ბათუმი 1:1 შუქურა

კომენტარები

ბოლო ამბები