Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურში დინამო ბათუმმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. შეხვედრა ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" გაიმართა და საკმაოდ საინტერესოდაც წარიმართა.

მატჩის დასაწყისში ტემპი დაბალი იყო და შესაბამისად, გუნდებს საგოლე მომენტების შექმნაც უჭირდათ. დროის გასვლასთან ერთად, გუნდები გახურდნენ და ტაიმის ბოლოს მომენტებიც შეიქმნა.

პირველი შანსი ბენჟამენ ტეიდს ჰქონდა, რომლის დარტყმა კარს მცირედით ასცდა. 42-ე წუთზე კი ბათუმელები გოლს გადაურჩნენ. ოლეკსანდრ აზაცკის შეცდომის შედეგად ჯეფინიო გერალდო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. საპასუხო შეტევაში კი დინამო ბათუმმა ანგარიში გახსნა. მარცხენა ფლანგიდან ლუკაშ გროცურეკმა საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და იქ ჯაბა ჯიღაურმა ძალიან მაგრად ითამაშა - თავით იდეალურად დაარტყა და გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი მოიგო.

მე-2 ტაიმში დინამო ბათუმი კარგა ხანს ახერხებდა უპირატესობის შენარჩუნებას და მისი გაზრდაც შეეძლო. კარგი შანსი ორჯერ მიეცა ვლადიმერ მამუჩაშვილს, მაგრამ ორჯერვე მცირედით ააცილა. მერე უკვე შეტევისთვის გიორგი შაშიაშვილის გუნდმაც მოიცალა და კუპატაძე კიდევ ერთხელ იყო ბრწყინვალე, როდესაც მიშიკო სარდალიშვილის ურთულესი დარტყმა გაანეიტრალა.

კუპატაძე ბათუმელთა რიგებში მართლაც გამორჩეული იყო და 83-ე წუთზე კიდევ ერთი მაგარი სეივი მიითვალა, ამჯერად ნიკა ჭანტურიას აჯობა, მაგრამ ეპიზოდი გაგრძელდა და შუქურას ცენტრალურმა მცველმა დამატებაზე გატანა მოახერხა, რითაც ანგარიში გათანაბრდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ამ სეზონში პირველად დაკარგა ქულები და 2 ტურის თავზე 4 ქულა აქვს, ხოლო ქობულეთელებმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვეს. დინამო ბათუმი მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო თბილისს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო შუქურა იმავე დღეს სამტრედიას უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 1:1 შუქურა

გოლები: 1:0 ჯიღაური (43), 1:1 ჭანტურია (83)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე - მამუჩაშვილი (85. აზაროვი), ტეიდი (90. ზარია) - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი (66. მანჯგალაძე) - ნიქაბაძე (66. ფანცულაია)

შუქურა (4-2-3-1): თებიძე - გაფრინდაშვილი(51. ფარტენაძე), ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე - კაკაშვილი,  ხმალაძე (62. ჩელებაძე) - სარდალიშვილი, ჯეფინიო, ინგოროყვა (62. ჟუნინიო) - მუსელიანი (89. გურეშიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები