Thumbnail
  • ტორპედო 0:2 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 ახვლედიანი (48), 0:2 ბენიო (70)

დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქუთაისს სტუმრობდა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს 2:0 მოუგო, თბილისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ კი უმაღლეს ლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ ტურში დინამოელები წყალტუბოს სამგურალს დაუზავდნენ (1:1), ამასთან წითელი ბარათის გამო თავკაცი გიორგი ნემსაძეც დაკარგეს. შედეგად, ქუთაისში მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ გაიყვანა.

თბილისელებს 3 ქულის აღება მატჩის მე-15 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა გაუადვილა. თორნიკე ახვლედიანი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც მასპინძელთა გოლკიპერმა დინო ჰამზიჩმა მოცელა და წითელი ბარათი მიიღო. უპირატესობა ისედაც დინამოელთა მხარეს იყო და ამ მომენტის შემდეგ, მათ იერიშებს კიდევ უფრო უმატეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-2 ტაიმის დასაწყისში გაიხსნა, როდესაც სერბმა მილან რადინმა ჩინებული პასით ახვლედიანი მოსძებნა და მან თავური დარტყმით გაიტანა. თავით გავიდა სტუმართა მე-2 გოლიც. 70-ე წუთზე ლუკა გაგნიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ტოგოელი ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო გამოეხმაურა.

ამგვარად, დინამო თბილისმა 4 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ქუთაისის ტორპედო კი კვლავაც უქულოდაა და აუტსაიდერთა შორის იმყოფება. მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, 9 მარტს, დინამო თბილისი დინამო ბათუმს დაუპირისპირდება, 10 მარტს კი, ტორპედო თბილისის საბურთალოს ესტუმრება.

📺 ტორპედო 0:2 დინამო თბილისი

კომენტარები

ბოლო ამბები