Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრი რამილ გაისინი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოახლოებულ სტარტს გამოეხმაურა და რუმინეთთან შეხვედრის წინ იმედიანი კომენტარი გააკეთა. ენისეის 29 წლის მგეზავი კარგ განწყობაზე თბილისში ჩატარებულმა შეხვედრამ ჩაატარა, რომელიც რუსებმა 7:16 წააგეს, თუმცა, მცირე სხვაობის გამო, პროგრესზე ალაპარაკდნენ. მეტიც, გაისინმა დაასკვნა, რომ საქართველო და რუსეთი ერთი დონის ნაკრებები არიან:

“ჩვენი ახალი მწვრთნელების კარგი მუშაობის პირველი შედეგები უკვე თბილისში გამოჩნდა. ბორის სტანკოვიჩმა და კარლ ჰოგმა შერკინებასა და აუტში ნამდვილად წინ წაგვწიეს. ამ კომპონენტებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გაცილებით ხარისხიანად ვითამაშეთ. თბილისურმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ახლა საჭიროა, გარკვეული კომპონენტები დავხვეწოთ და სულ უფრო უკეთ და ძლიერად ვითამაშებთ. პირველადაა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიო თასის საგზურისთვის 5 ნაკრები – საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი და პორტუგალია – რეალურად იბრძოლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდები დაახლოებით ერთი დონის არიან. შანსი ყოველთვის არსებობს და თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. შედეგები 10 მატჩის ჯამში დაითვლება და ვფიქრობ, რუსეთი საფრანგეთში დაგეგმილ 2023 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ უნდა გავიდეს”.

ცნობისთვის, ქართველ მორაგბეებს რუს “დათვებთან” ისტორიაში 24 თამაში აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს, ამასთან, ბოლო 19 მატჩი აქვთ მოგებული. რუსებმა ერთადერთი გამარჯვება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი მატჩი კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების სასტარტო ტური 6 მარტს ჩატარდება: რუსეთი რუმინეთს უმასპინძლებს, საქართველო კი პორტუგალიას სტუმრად ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები