Thumbnail

'სანრემოში წამიყვან?' - ზლატანის საქციელზე მთელი იტალია ლაპარაკობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს საინტერესო ისტორია გადახდა
  • მილანის თავდამსხმელმა გუნდის ფანის მოტოციკლით იმგზავრა
  • შვედმა სანრემოს ფესტივალზე სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად იმღერა

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია, მისი გუნდი კრიზისშია და სერია A-ში საჩემპიონი შანსს ტურიდან ტურამდე იმცირებს, მაგრამ შვედი ფორვარდი მაინც ყურადღების ცენტრშია.

ზლატანი იტალიაში პოპულარულ სანრემოს მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს და გუშინ თავს საინტერესო თავგადასავალი გადახდა. სკანდინავიელს გზატკეცილის გადაკეტვის გამო მოტოციკლით სარგებლობა მოუწია. მან ერთ-ერთი მოტოციკლი გააჩერა და სანრემოში წაყვანა სთხოვა, რაზეც რა თქმა უნდა, უარი არ მიუღია. ამგვარად, ზლატანი სანრემოს ფესიტვალზე მოტოციკლით მივიდა და ამ ამბის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

39 წლის შვედი ფორვარდი მუსიკალურ ფესტივალზე მოტოციკლით აღმოჩნდა, რომლის მფლობელმა ამბავი დეტალურად და ემოციურად გაიხსენა:

"გუშინ შთამბეჭდავი მოგზაურობა მქონდა. შინ ვბრუნდებოდი, და დავინახე შავი ფურგუნი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა და ერთი იბრაჰიმოვიჩს ჰგავდა. გავიფიქრე: "კი, მაგრამ ეს ხომ იბრაა". მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და მკითხა: "იბრას აინტერესებს, სანრემოში თუ წაიყვან". მეც ვუპასუხე, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის-მეთქი. მეორე ჩაფხუტი მქონდა და ზლატანს მივეცი. ჩემს ცოლს დავურეკე და ვუთხარი, რომ იბრას სანრემოში მივყვებოდი, თუმცა მან არ დამიჯერა. მე მილანისტა ვარ და იბრა დამპირდა, რომ მადლობის ნიშნად თავის მაისურს გამომიგზავნის. თუმცა, ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი, რადგან როდესაც მივედით, მოტოციკლიდან სწრაფად გადავიდა და შენობაში შევიდა. საბოლოოდ, ჩემმა ცოლმა დამიჯერა, ჩვენს ქორწინებას საფრთხე არ ემუქრება", - იხუმრა ბოლოს ისტორიის გმირმა ფრანკომ.

სინიშა მიხაილოვიჩი და ზლატანი სანრემოს ფესტივალზე

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩმა სანრემოს ფესტივალზე ბოლონიას მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩთან დუეტშიც იმღერა.

კომენტარები

ბოლო ამბები