Thumbnail
  • ჯაპა პაპინაშვილი ტურნირს რეპეშაჟში გამოეთიშა
  • ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ტატამიზე საერთოდ არ გასულა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე პირველი მედლების მფლობელები საღამოს გამოვლინდებიან, თუმცა, ქართველმა ძიუდოისტებმა კვარცხლბეკზე ასვლის შანსი უკვე დაკარგეს.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთაგან დილის სესიაში მხოლოდ ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც საწყის რაუნდებში ყირგიზ ოტარ ბესტაევსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან იელდოს სმეტოვთან დამატებით დროში ვაზარით წააგო. პაპინაშვილს “გოლდენ სქორში” მოუწია ბრძოლა რეპეშაჟშიც, სადაც ვაზარითვე ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბუროროვთან დამარცხდა.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ტურნირს უბრძოლველად გამოეთიშა

დღესვე ტატამიზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც (52 კგ.) უნდა გასულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ტრავმა მიიღო და შეჯიბრს უბრძოლველად გამოეთიშა, მე-2 ეტაპზე კი მისი მოწინააღმდეგე - სამხრეთკორეელი ბოკიეონგ ჯეონგი გავიდა.

ხვალ, ტაშკენტის გრანდ სლემზე 3 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი პირველ წრეში ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს შეხვდება, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი გიორგი შერაზადიშვილის მეტოქე ტაჯიკი ხაკნაზარ ნაზაროვი იქნება. საინტერესოა, რომ ამავე წონაში სერბეთის ნაკრებში დებიუტი ექნება ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც საქართველოს სახელით 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, გრანდ სლემებზე კი 4 მედალი (ვერცხლი და 3 ბრინჯაო) აქვს მოპოვებული. ქალთა შორის მარიამ ჭანტურია (70 კგ.) უზბეკ შოხისტა ნაზაროვას გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები