Thumbnail

ნეიმარი საერთო ჯგუფში ვარჯიშობს - ბრაზილიელს ბარსელონას წინააღმდეგ ელიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ნეიმარმა შესაძლოა ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, 29 წლის ბრაზილელმა ვარსკვლავმა, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გაუცდა, პარიზული გუნდის საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ RMC Sport წერს.

 
პსჟ-ბარსელონას საპასუხო დაპირისპირება 10 მარტს გაიმართება. ნეიმართან დაკავშირებით მანამდე გამოთქმული პროგნოზების მიუხედავად, ახლა პარი სენ-ჟერმენში იმედოვნებენ, რომ ფორვარდი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.
 
ნეიმარმა ტრავმა 10 თებერვალს, მეორელიგელ კაენთან სათასო მატჩში მიიღო. ამის შემდეგ პარიზული გრანდი ოფიციალურად იტყობინებოდა, რომ ბრაზილიელი დაახლოებით 4 კვირა დაისვენებდა.

ბრაზილიელი კაენთან  მატჩის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ბარსელონას ანგარიშით 4:1 მოუგო და ¼-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ნეიმარი პსჟ-ში ბარსელონადან, 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები