Thumbnail
  • 📅 6 მარტი | ⌚ 23:45 | ⚽  იუვენტუსი V ლაციო
  • იუვენტუსს შეცდომის უფლება აღარ აქვს, ისევე როგორც ლაციოს
  • ორივე გუნდი არასტაბილურ სეზონს ატარებს და ქულებს ხშირად კარგავს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი (ინტერი-ატალანტასთან ერთად) ტურინში შედგება, სადაც იუვენტუსი რომის ლაციოს უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და ნებისმიერისთვის მხოლოდ 3 ქულა იქნება მისაღები.

იუვე ძალიან ახლოსაა 9-წლიან ჰეგემონიის შემდეგ "სკუდეტო" დაკარგოს, რადგან ინტერს 10 ქულით ჩამორჩება და ის ფაქტი, რომ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ტურინელებს ვერაფრით ამშვიდებს. ახლა საქმე ისეა, რომ იუვენტუსს უბრალოდ შეცდომის უფლება აღარ აქვს, სეზონის დასრულებამდე ბევრი ნამდვილად აღარ დარჩა. მეორეს მხრივ არის ლაციო, რომელიც ამბიციური გუნდია და რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა, მაგრამ არასტაბილურია და კონკურენტებიც ბევრი ჰყავს. ამდენად, ტურინში, სიმონე ინძაგის გუნდისთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება!

ალბათ, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ლაციოს უკან დასახევი გზა მართლაც არ აქვს და თანაც იუვესთან მატჩს ორი მძიმე მარცხით ხვდება. ჯერ ბაიერნთან წააგო და მერე ბოლონიასთან. სხვათა შორის, რომაელები უფრო დასვენებულები არიან, ვიდრე ტურინელები. შუა კვირაში იუვემ ითამაშა (სპეციასთან 3:0), ლაციოს კი ტორინოსთან არ უთამაშია, რადგან ტურინელები კორონავირუსის ეპიდემიის გამო თამაშზე ვერ გამოცხადდნენ.

ლაციოს შანსს ალბათ, ისიც ზრდის, რომ იუვენტუსი ძალიან, ძალიან არასტაბილურია. სწორედ ამიტომ არის, რომ ანდრეა პირლოს გუნდს ინტერთან ამხელა ჩამორჩენა აქვს, თორემ ზოგჯერ იუვეს შედეგებს არაფერი დაეწუნება. ეგაა, რომ გუნდმა პოზიტიურ შედეგებში უწყვეტობა ვერ იპოვა. თანაც, იუვენტუსს ბევრი პრობლემა აქვს. გუნდს როდრიგო ბენტანკურიც გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ცხადია, ვერ ითამაშებს. ტრავმა აქვს არტურს და მისი თამაშიც საეჭვოა, რაც ნახევარდაცვაში ისედაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს. აგრეთვე, ტრავმები აქვთ ჯორჯო კიელინის, პაულო დიბალას, მატეის დე ლიხტს, ლეონარდო ბონუჩისა და ხუან კუადრადოს. თუმცა, ბოლო ცნობებით უკანასკნელი ორი განაცხადში იქნება და შეიძლება ითამაშონ კიდეც. განსაკუთრებით, კოლუმბიელთან დაკავშირებით არსებობს პოზიტიური ცნობები. პრობლემების გათვალისწინებით პირლოს დაცვის ცენტრში ალექს სანდროს გამწესება მოუწევს, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე სავარაუდოდ ფედერიკო ბერნარდესკი იმოქმედებს, რაც კარგი ცხოვრებით გამოწვეული ნამდვილად არ არის.

პირლოსა და ინძაგის სამწვრთნელო დუელი მეორედ შედგება

იუვენტუსს წინ გახედვაც მოუწევს, რადგან სამ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე პორტუსთან თამაშია, რომლის შედეგზე სეზონის საბოლოო შეფასება დიდწილად იქნება დამოკიდებული. ტურინელებს სტუმრად წაგებული აქვთ და თუ ვითარებას ვერ გამოასწორებენ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხს, მითუმეტეს, პორტუსთან, აქტივში ვერავინ ჩაუწერს. ამდენად, "ბებერ ქალბატონს" ნახევრად ნამდვილად ჩემპიონთა ლიგაზე ეფიქრება.

ლაციოში ამ კუთხით შედარებით მშვიდი ვითარებაა - ჯერ ერთი, ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო კვირაში არ ითამაშებს და მეორეც, იქ "არწივებისთვის" ბაიერნთან შინ 1:4 წაგებით ისედაც ყველაფერი დასრულებულია. და, რაღა თქმა უნდა, "ლაციალეს" მიუნხენურ გიგანტთან მარცხის გამო არავინ გააკრიტიკებს, რასაც ვერ ვიტყვით იუვენტუსის შემთხვევაში, რომლის ამბიციურობა მერვედფინალურ ეტაპს ნამდვილად აღემატება.

იუვენტუსისა და ლაციოს პირველი წრის მატჩი რომში 1:1 დასრულდა. იქ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. კრიშტიანო რონალდომ დასაწყისშივე გაიტანა და პირლოს გუნდი თამაშს მშვიდად აკონტროლებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთის ამოწურვამდე 10 წამით ადრე, პაულო დიბალამ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა და ლაციომ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შედეგიანად დაასრულა, რამაც იუვეს მნიშვნელოვანი 2 ქულა რომში დაატოვებინა.

ლაციომ პირველ წრეში ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსმა ლაციოსთან ბოლო 7 მატჩიდან 2 წააგო (4 მოგება, 1 ფრე). მანამდე 29 თამაშში ჰქონდა რომაულ გუნდთან 2 წაგება (19 მოგება, 8 ფრე).

⚽ ლაციოს შანსი აქვს იუვენტუსთან სეზონში არცერთი თამაში არ წააგოს 2005/06 წლების სეზონის შემდეგ პირველად, როდესაც ორივე მატჩში დელიო როსის ხელმძღვანელობით ფრე ითამაშა.

⚽ 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული იუვენტუსმა ლაციოსთან შინ 4 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამ პერიოდში "ბიანკონერის" უფრო მეტი მშრალი საშინაო თამაში ინტერთან და რომასთან აქვს (5).

⚽ ლაციომ ბოლო ორი საგარეო თამაში წააგო ინტერთან და ბოლონიასთან. სტუმრად ზედიზედ 3 მატჩი ლაციოს 2015 წლის შემდეგ არ წაუგია, როდესაც მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი მუშაობდა.

⚽ ლაციოს პირველ ტაიმში პროცენტულად ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული - 59% (32-დან 19).

⚽ კრიშტიანო რონალდოს ლაციოსთან 5 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიელს მხოლოდ პარმას კარში აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი (6).

⚽ იტალიელ ფეხბურთელებს შორის 2021 წელს მხოლოდ ლორენცო ინსინიეს (6) აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი, ვიდრე ჩირო იმობილესა და ფედერიკო კიეზას (5-5 გოლი).

⚽ ჩირო იმობილეს "ალიანც სთედიუმზე" იუვენტუსთან 3 გოლი აქვს გატანილი და ამ სტადიონზე მეტოქის რანგში უკეთესი შედეგი სერია A-ში არავის აქვს (3-3 გოლია მაურო იკარდისა და იოსიპ ილიჩიჩის ანგარიშზეც).

⚽ იუვენტუსს სერია A-ში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოგებული აქვს და ბოლო 4 საშინაო თამაშში გოლი არ გაუშვია. უკეთესი სერია (ზედიზედ 5 მოგება გოლგაუშვებლად შინ) 2018 წლის მარტში ჰქონდა, როცა გუნდს მასიმილიანო ალეგრი წვრთნიდა.

⚽ ზოგადად, იუვეს სერია A-ში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს და ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა (20).

⚽ კრიშტიანო რონალდო 20 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერია და ტურინელთა გოლების 42% მის ანგარიშზეა (48-დან 20). ლაციოს თავდამსხმელი ჩირო იმობილე 14 გოლით მეოთხე ადგილზეა.

⚽ მხოლოდ ჰაქან ჩალჰანოღლუმ და ჰენრიხ მხითარიანმა გააკეთეს მიმდინარე სეზონში უფრო მეტი საგოლე პასი (8), ვიდრე ალვარო მორატამ და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა (7).

⚽ იუვეს და ლაციოს ამ სეზონში 5-5 პენალტი აქვთ შესრულებული, რაც რიგით მეოთხე საუკეთესო შედეგია.

⚽ ტურინელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ორი წააგეს. ამ შეხვედრებში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლაცომ ბოლო 5 თამაშში 3 მარცხი განიცადა. 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ორ-ორჯერ მეტოქეებმა იმარჯვეს.

⚽ ამ ხუთ მატჩში ოთხჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსი და ლაციო სერია A-ში აქამდე 153-ჯერ შეხვედრილან. 82 მატჩი ტურინელებმა მოიგეს, 34 - რომაელებმა და 37-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, დემირალი, ალექს სანდრო, ბერნარდესკი - კუადრადო, მაკკენი, რაბიო, კიეზა - კულუშევსკი, რონალდო
ტრავმა, დისკვალიფიკაცია ან კოვიდინფიცირებული: ფრაბოტა, კიელინი, დიბალა, არტური, ბენტანკური

ლაციო (3-5-2): რეინა - პატრიკი, ჰუდტი, აჩერბი - აკპრო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი - კორეა, იმობილე
ტრავმა: ლუის ფელიპე, რადუ, ლაძარი

კომენტარები

ბოლო ამბები