Thumbnail

ბექა ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა - ნაკრების კანდიდატი ოდესაში ითამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ბექა ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა. 25 წლის ნახევარმცველი კარიერას ოდესის ჩერნომორეცში გააგრძელებს, რომლის საფეხბურთო სკოლის აღზრდილიცაა და იქ 2007-11 წლებში გამოდიოდა. 

კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ კლუბის პრესსამსახური არაფერს წერს, ცნობილია ის, რომ ბექა ჩერნომორეცის ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ბექა შახტარის და უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა

ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი უკრაინაში გადაბარგების შემდეგ, ჯერ ოდისის ჩერნომორეცში, შემდეგ კი დონეცკის შახტარის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. უკრაინის მოქალაქეობის მქონე ბექა ვაჩიბერაძეს სისტემატურად იწვევდნენ ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში, იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც, თუმცა ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გააკეთა და 2017 წლის ბოლოს საქართველოს პასპორტიც აიღო.

2018 წელს ვაჩიბერაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იყო გამოძახებული, თუმცა მისი დებიუტი არ შედგა. 

საქართველოს პასპორტის აღების მიუხედავად, ბექამ ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშა

2015 წელს ვაჩიბერაძე უკრაინიდან ესპანეთში გადაბარგდა, სადაც ბეტისის მეორე გუნდში გამოდიოდა. ბექამ ესპანეთში დამკვიდრება ვერ შეძლო და ჯერ ლატვიურ RFS-ში, ბოლოს კი ბელგიის მეორე ლიგის ლომელში ითამაშა. ბექა ლომელს შარშან შემოდგომით დაშორდა და თავისუფალი აგენტი იყო.

ოდესის ჩერნომორეცი უკრაინის რანგით მეორე - პერშა ლიგაში ასპარეზობს. ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში გუნდს 28 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ელიტაში აღზევების კანდიდატია. ჩერნომორეცი მომდევნო მატჩს 5 მარტს, კრამატორსკის ავანგარდთან ჩაატარებს და ბექას დებიუტი გუნდშიც შესაძლოა იქ შედგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები