Thumbnail

'მთავარი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა' - საქართველო სომხეთთან გამარჯვებას გეგმავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნაკრები ევრო 2022-ზე გასასვლელად იბრძვის
  • ავთანდილ ასათიანის და ზვიად კუპატაძის მატჩისწინა კომენტარები

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის მატჩისთვის მზადება დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდი დღეს თბილისში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ამ მატჩის შედეგი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო სიმი საიოტი, შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე ვერ დაეხმარებიან. თუმცა, ასათიანის თქმით, გუნდში არიან მოთამაშეები, რომელთაც დანაკლისის შევსება შეუძლიათ:

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი):

"სამწუხაროდ, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არიან მოთამაშეები, რომელთა მეშვეობით მათი ჩანაცვლება შეგვიძლია. გეგმის მიხედვით მოვემზადეთ, ყველა ფეხბურთელს გათავისებული აქვს, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი ორი თამაში გვიწევს და ისიც ვიცით, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერია, რამდენიმე ისეთი მოთამაშე დაიმატეს, რომლებმაც სომხეთის ნაკრები გააძლიერეს. რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივისცემით ვუყურებთ, მაგრამ საკუთარ კედლებში როგორც ყოველთვის, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

მატჩამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა. გამოცდილი მეკარის თქმით, მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაა და კარგად აქვთ გათავისებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაში ელოდებათ.

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე):

"ძალიან პრინციპული თამაში გვაქვს, ერთ-ერთი გადამწყვეტი და მთელ გუნდს ეს ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ძალიან სერიოზულად ვემზადებით. სომხეთის ნაკრები გაძლიერდა, ის ფეხბურთელები, რომლებიც დაიმატეს, ნახევარს ვიცნობ, რადგან თითქმის ყველა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს. ჩვენთვის მთავარი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და როგორ მოვიგებთ, ვის მოვუგებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი საბოლოო შედეგია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში საფრანგეთთან ფრე ითამაშა, ხოლო შემდეგ რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა და 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს. დღევანდელი მატჩი 18:15 საათზე დაიწყება. 10 მარტს, საქართველო სომხეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ შეხვდება, ამჯერად სტუმრად.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

კომენტარები

ბოლო ამბები