Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერის გუნდს უკვე 3 მატჩია გოლი არ გაუტანია
  • კრისტალ პალასთან მატჩში ერთმანეთს მაგუაირი და რაშფორდი წაეჩხუბნენ

ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედში სიტუაცია აირია. ოლე გუნარ სულშერის გუნდს სხვადასხვა ასპარეზზე უკვე 3 მატჩია გოლი არ გაუტანია, ამან კი გავლენა ფეხბურთელებზეც იქონია და მათ შორის კონფლიქტებმა იმატა.

ბოლო უსიამოვნების შესახებ dailymail-მა დაწერა და ის პრემიერლიგის მიმდინარე ტურში კრისტალ პალასისა და მანჩესტერის თამაშს უკავშირდება. იუნაიტედი აღნიშნულ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ძალიან უსახურად გამოიყურებოდა და ამან გავლენა მოთამაშეებზეც იქონია.

დაპირისპირება, რომელიც სააშკარაოზე გამოიტანეს, მარკუს რაშფორდსა და ჰარი მაგუაირს შორის მოხდა, რომლებიც ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც თანაგუნდელები არიან. შემთხვევა მე-2 ტაიმში მოხდა: მაგუაირი რაშფორდს იმის გამო გაუბრაზდა, რომ თავდამსხმელი მორიგ ჯერზე თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდა.

რაშფორდმა უპასუხა: “რა გინდა ჩემგან?”. მაგუაირი: “პირველ რიგში ის, რომ სულ ოფსაიდში არ იყო”. ამან მარკუსი წყობიდან გამოიყვანა და იუნაიტედის კაპიტანს ძალიან უხეშად უპასუხა. შედარებით რბილად რაშფორდის შეძახილი ასე ითარგმნება: “ხმა ჩაიწყვიტე, იდიოტო!” (shut the f*** up, f****** k******).

როგორც dailymail წერს, მაგუაირი ერთადერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, ვინც რაშფორდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა, რა გაგრძელება მოჰყვა ამ ინციდენტს მანჩესტერელთა გასახდელში, ჯერჯერობით, უცნობია. სხვათა შორის, ამ ამბავს იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი აწ კი უკვე საფეხბურთო მიმომხილველი გარი ნევილიც მკაცრად გამოეხმაურა:

“ეს ძალიან ცუდი თამაში იყო. არც კი ვიცი, რა ახსნა მოვუძებნო. მე-2 ტაიმში მარკუს რეშფორდი უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა. რამდენიმე ეპიზოდში ბურთის გაჩერებაც კი ვერ მოახერხა”.

როგორც აღვნიშნეთ, იუნაიტედმა ზედიზედ მე-3 უგოლო მატჩი ჩაატარა. კრისტალ პალასამდე იყო “მშრალი” თამაში ჩელსისთან, მანამდე კი, ასევე უგოლო შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის ეგიდით ესპანურ რეალ სოსიედადთან. საერთო ჯამში, მანჩესტერელებს გოლი თითქმის 5 საათი, ზუსტად კი, 285 წუთია არ გაუტანიათ და შეუძლებელია, ეს, გუნდის ქომაგებს არ აშფოთებდეთ. იუნაიტედს მომდევნო მატჩი 7 მარტს თანაქალაქელ სიტისთან ელის, რომელსაც პრემიერლიგაში 14 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები