Thumbnail
  • 📅 6 მარტი | ⌚ 21:30 | ⚽ ბაიერნი V დორტმუნდი
  • დორტმუნდი ბაიერნს წელს კონკურენციას ვერ უწევს
  • ბოლო დროს ორივე გუნდი კარგ ფორმაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

მიუნხენის ბაიერნი V დორტმუნდის ბორუსია ბუნდესლიგის აბსოლუტური ტოპდუელია - გერმანიაში Der Klassiker-ად წოდებულ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე. თუმცა ამ სეზონში დორტმუნდს კრიზისი აქვს და რეკორდმაისტერს ოდნავადაც ვერ უწევს კონკურენციას.

ბაიერნი, როგორც ყოველთვის, ლიდერია, დორტმუნდი კი 23 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი სანატრელი გაუხდა. თუმცა მატჩი მაინც უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგან მიუნხენური გრანდისთვის ქულების დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს ლაიპციგის შანსს, რომელიც ბაიერნს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ესეც რომ არ იყოს, ქულები ახლა დორტმუნდსაც ძალიან სჭირდება, რადგან თუ ოთხეულში ვერ მოხვდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ზაფხულში, შესაძლოა, ერლინგ ჰაალანდი დაკარგოს.

თუმცა ბოლო დროს ბორუსიამ თამაში გამოასწორა და ფორმაში შევიდა. სევილიასთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში გამარჯვების (3:2) შემდეგ, ედინ ტერზიჩის გუნდს აშკარად პროგრესი აქვს - ზედიზედ 4 ოფიციალური თამაში მოიგო, აქედან ზედიზედ სამჯერ მშრალი ანგარიშით (შალკესთან 4:0, არმინიასთან 3:0 და გლადბახთან თასზე 1:0). სხვათა შორის, BVB-მ ასეთი რამ ამ სეზონში ერთხელ უკვე შეძლო და თანაც, ზუსტად ბაიერნთან პირველი წრის მატჩის წინ, მერე კი რეკორდმაისტერთან 2:3 დამარცხდა. სხვათა შორის, სწორედ ასეთივე ანგარიშით მოუგო ბაიერნმა დორტმუნდს სუპერთასის დუელიც სექტემბერში.

პირველ წრეში ბაიერნმა დორტმუნდში 3:2 მოიგო

თუკი ტრავმამ ხელი არ შეუშალა და ითამაშა, ერთი დორტმუნდელი განსაკუთრებით მოტივირებული იქნება - ჯეიდონ სანჩოს ვგულისხმობთ, რომლისთვისაც ეს მატჩი ბუნდესლიგაში მე-100 უნდა იყოს. არადა, ინგლისელი შაბათს სულ რაღაც 20 წლისა და 346 დღის იქნება. თუმცა, ეს ბუნდესლიგის რეკორდი არაა - კაი ჰავერტცმა (20 წლის და 186 დღის), ტიმო ვერნერმა (20 წლის და 203 დღის) და იულიან დრაქსლერმა (20 წლის და 225 დღის) ბუნდესლიგაში 100 მატჩის ჩატარება უფრო მალე მოასწრეს.

ბაიერნის მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც ყოფილ კლუბს ბოლო 5 საშინაო მატჩში მინიმუმ დუბლს უსრულებდა.

ბენჟამენ პავარს კარანტინის დრო გაუვიდა და გუნდთან ერთადაა, მაგრამ შაბათს ჰანსი ფლიკი ალბათ მაინც არ ათამაშებს. საინტერესოა, რომელ დუეტს გაამწესებს ფლიკი ფლანგებზე ამ ტრიოდან - კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი და ლეროი სანე. დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩოს და რაფაელ გერეიროს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა არმინიასთან (3:3) და აინტრახტთან (1:2) მატჩების შემდეგ მინი-კრიზისი დაძლია და ჯერ ლაციო გაანადგურა ჩემპიონთა ლიგაში (4:1), მერე კი კიოლნი ბუნდესლიგაში (5:1).

⚽ ბავარიული გრანდი ბუნდესლიგის ცხრილში ლიდერია, მაგრამ ლაიპციგს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

⚽ ნოემბრის შემდეგ ბაიერნი ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში მინიმუმ 1 ბურთს ყოველთვის უშვებს, თუმცა არცერთი მათგანი არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე).

⚽ ბაიერნს ბოლო 8 საშინაო მატჩში 70-ე წუთის შემდეგ გოლი არ გაუშვია.

⚽ სევილიასთან სტუმრად 3:2 გამარჯვების შემდეგ, დორტმუნდმა გამარჯვებათა სერია დაიწყო და მას შემდეგ სამივე მატჩი მშრალი ანგარიშებით მოიგო.

⚽ ბორუსიამ ბუნდესლიგაში ბოლო 24 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ (15 მოგება, 1 ფრე, 8 მარცხი). 

⚽ ბაიერნისა და დორტმუნდის მატჩებში სწრაფი გოლები არცისე იშვიათად გადის. ამ გუნდების მატჩებში გატანილი ბოლო 100 გოლიდან მეოთხედი თამაშის პირველ 20 წუთში გავიდა.

⚽ ბუნდესლიგაში ბაიერნის ბოლო 25 თამაშიდან 21-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო 38 მატჩიდან 35-ში არ წააგო.

⚽ ბაიერნისა და დორტმუნდის ბოლო 13 მატჩიდან 11-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბაიერნმა დორტმუნდს ბოლო 5 საშინაო მატჩში პირველი ტაიმიც მოუგო და თამაშიც.

⚽ დორტმუნდის ბოლო 7 გასვლით მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ზიულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა და კოვიდ-რეგულაციები: დუგლას კოშტა, პავარი, ტოლისო

დორტმუნდი (4-1-4-1): ჰიტცი - მორეი, ჯამი, ჰუმელსი, შულცი - დილეინი - როისი, ბელინგემი, დაუდი, რეინა - ჰაალანდი.
ტრავმა: აკანჯი, პიშჩეკი, შმელცერი, ვიტსელი

კომენტარები

ბოლო ამბები