Thumbnail
  • უზბეკური ტურნირი 5-7 მარტს ჩატარდება და მასში 7 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზებედა რეხვიაშვილი სერბეთის სახელით გამოვა

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დაგეგმილ გრანდ სლემზე არიან დარეგისტრირებულნი, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირში საქართველოს ვაჟთა ნაკრების 7 წარმომადგენელი ჩაებმება, ქალებში კი 3 მონაწილე გვყავს.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული, სადაც ყირგიზ ოტარ ბესტაევს დაუპირისპირდება. ამავე წონაში საფრანგეთის სახელით გამოვა ლუკა მხეიძე, ხოლო მთავარი ფავორიტი კი იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა გახლავთ.

73 კგ-ში ფრიდონ გიგანი პირველ წრეში ასევე ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს შეხვდება, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი გიორგი შერაზადიშვილის მეტოქე ტაჯიკი ხაკნაზარ ნაზაროვი იქნება. საინტერესოა, რომ ამავე წონაში სერბეთის ნაკრებში დებიუტი ექნება ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც საქართველოს სახელით 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, გრანდ სლემებზე კი 4 მედალი (ვერცხლი და 3 ბრინჯაო) აქვს მოპოვებული.

ზებედა რეხვიაშვილი ამჯერად სერბეთის სახელით იასპარეზებს

ერთადერთი წონა, სადაც ტაშკენტში საქართველო 2 ძიუდოისტით იქნება წარდგენილი, 90 კგ-ია. მე-2 რაუნდში უშანგი მარგიანი ავღანელ მოდ ისმაილ კაკარს გაეჯიბრება, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი ძალებს ასევე ავღანელ შუკრუდინ ჰაიდარისა და რუს ეკუბჟონ ნაზიროვს შორის უმჯობესთან მოსინჯავს.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ყაზახი არმან კალიევის დამარცხებას ეცდება, ადამ ოქრუაშვილი კი მძიმე წონაში (+100 კგ.) მე-2 რაუნდშია დაშვებული და მეტოქედ ყირგიზი ბეკბოლოტ ტოკტოგონოვი ეყოლება.

ქალთა ტურნირში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) სამხრეთკორეელ ბოკიეონგ ჯეონგს შეერკინება, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) უზბეკ შოხისტა ნაზაროვას გაეჯიბრება, ხოლო სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) წილისყრამ მეტოქედ ისრაელის წარმომადგენელი რაზ ჰერშკო არგუნა.

2019 წელს ტაშკენტის ტურნირი გურამ თუშიშვილმა მოიგო

ცნობისთვის, აქამდე ტაშკენტის ტურნირს გრან პრის რანგი ჰქონდა და შარშანდელი შეჯიბრი კორონავირუსის გამო გადაიდო, 2019 წელს კი, საქართველოს ნაკრები უზბეკეთში მხოლოდ 2 ძიუდოისტით ჩავიდა: გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ჩემპიონი გახდა, ლაშა ბექაურმა (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ამჯერად, ტაშკენტის გრანდ სლემზე 71 ქვეყნის წარმომადგენელ 497 ძიუდოისტს (296 კაცი+201 ქალი) ვიხილავთ, შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება: 5 მარტი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.); 6 მარტი – კაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.); 7 მარტი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.). ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 16:00 საათზეა, პირდაპირ ტრანსლაციებს კი “სილქ უნივერსალი” გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები