Thumbnail

ფორმულა 1 | შუმახერი რუსეთის დროშის ფერებით იწყებს! გაიცანით ჰაასის ბოლიდი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დღეები რჩება! სეზონი 28 მარტს, ბაჰრეინში იხსნება და გუნდებმა თავიანთი ბოლიდების წარდგენა უკვე დაიწყეს. 12 მარტიდან პირველი ტესტებია დაგეგმილი. 

ხუთშაბათს, ახალი ბოლიდი ჰაასმა წარმოადგინა. ეს არის გუნდი, რომელიც ყურადღების ცენტრში მიკ შუმახერის გამოა - ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი ფორმულა 1-ში სწორედ ამ გუნდში იწყებს ასპარეზობას. ჰაასის ახალ ბოლიდს ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან რუსეთის დროშის ფერებითაა გაფორმებული!

რატომ აქვს გერმანელი მიკ შუმახერის ამერიკულ გუნდ ჰაასს რუსეთის დროშა? საქმე ისაა, რომ გუნდის მთავარი სპონსორი კომპანია Uralkali გახლავთ - ქიმიური საშუალებების რუსული კონცერნი, რომლის მფლობელი მიკის თანაგუნდელის, რუსი ნიკიტა მაზეპინის მამა დმიტრი მაზეპინია.

ბოლიდ VF-21-ის ძირითადი ფერი თეთრია, გუნდის ლოგო კი - წითელი. პლუს ამას, ბოლიდის დიზაინში თვალშისაცემია ლურჯი ფერის ელემენტები. საბოლოო ჯამში სახეზეა რუსეთის დროშის ელემენტები, რის გამოც ჰაასს უკვე აკრიტიკებენ, რადგან ეს ამერიკული გუნდია, რომელმაც ახლა რუსეთის დროშით უნდა იაროს!

შუმახერი, რომელიც 47-ე ნომრით იასპარეზებს და მაზეპინი, ახალი ბოლიდის გამოცდას მომავალი კვირის პარასკევიდან დაიწყებენ.

“სეზონს ახალი გენერალური სპონსორით და ორი ახალი პილოტით ვიწყებთ. ეს დიდი გამოწვევების წელი იქნება. ეს სეზონი ჩვენთვის სწავლის სეზონი იქნება, ტექნიკის თვალსაზრისით კი უფრო სამომავლო გეგმები გვაქვს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ VF-21 ახლა არ განვითარდება, რადგან ჩვენს ენერგიას მთლიანად 2022 წლის ბოლიდისკენ მივმართავთ,” - განაცხადა გუნდის შეფმა გიუნტერ შტაინერმა.

“ძალიან მიხარია, რომ Uralkali ჩვენი სპონსორი გახდა. გვიხარია მათთან თანამშრომლობა და ის ფაქტი, რომ ჩვენი პილოტები ნიკიტა მაზეპინი და მიკ შუმახერი არიან,” - ეს გუნდის მფლობელის ჯინ ჰაასის სიტყვებია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები