Thumbnail

პორტუგალიის რაგბის ნაკრები მზადებას განაგრძობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების სასტარტო მატჩისთვის, რომელშიც “ლობუშის” მეტოქე “ბორჯღალოსნები” იქნებიან.

პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ მომავალი თამაშისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 29 მორაგბე დაასახელა, რომელთაგან 10 საფრანგეთში თამაშობს. საინტერესოა, რომ ეროვნულ გუნდს თითქმის 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა 9 ნომერი სამუელ მარკესი. TOP 14-ის ბინადარ პოს წევრმა ნაკრებში ბოლოს 2013 წლის მარტში ითამაშა.

1 წლის წინ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას პარიზში 39:24 მოუგო

“ლობუშს” ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან დევიდ უოლისი და მანუელ კარდოსო პინტუ, ტიბო ფრეიტასი კი დისკვალიფიცირებულია. ამ ფონზე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ტიბო ნარდი და ლუიჯი დიასი, რომლებიც შესაბამისად, ფრანგულ ბლანიაკსა და დაქსში თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 10 გათამაშებიდან 9 აქვს მოგებული, ლაჟისკე მომავალ მატჩს იმედიანად უყურებს:

“ჩვენ 40-45 მორაგბე გვყავს, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და შეუძლებელია, ეს არ გვახარებდეს. რამდენიმე მოთამაშეს დებიუტის შანსი ექნება და არც სხვებზე დაკვირვება გვავიწყდება. თებერვალში ესპანეთთან გამართული მატჩი ჩვენთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. პორტუგალიის ნაკრების უპირატესობა სისწრაფე და მობილურობაა, მადრიდში კი ორივე გვაკლდა. ის, რომ ახალ გათამაშებას საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ, ერთის მხრივ კარგიცაა. ისინი ტურნირის თითქმის მუდმივი გამარჯვებულები არიან და ახლაც ფავორიტები იქნებიან, ეს კი, მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები მარტში რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩს ჩაატარებენ და მათგან სამი სტუმრად უწევთ: 6 მარტს, საქართველოს დროით 19:00 საათზე პორტუგალიასთან, ლისაბონში, 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთანა და 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთთან. 27 ან 28 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები