Thumbnail
  • მოახლოებულ ტურნირს 22-28 მარტს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს
  • ტრავმის გამო, მსოფლიოს პირველობას დააკლდებიან გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც 22-28 მარტს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს, მონაწილეობას 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს. ამ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

კორონავირუსით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ეს, პირველი მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელსაც ორმაგი დათვირთვა გააჩნია. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

უკვე დასრულა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება და მსოფლიოს პირველობაზე წარდგენა. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მამაკაცთა კატეგორიაში სულ მონაწილეობას მიიღებს 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი, ქალთა სეგმენტში 35 ქვეყნის 42 მოციგურავეს ვიხილავთ, სპორტული წყვილებში 18 ქვეყნის 26 დუეტი გამოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – 25 ქვეყნის 33 წყვილი.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორის ყვითელაშვილი (კაცები), ალინა ურუშაძე (ქალები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები) წარადგენენ. სამწუხაროდ, ტრავმირებულია გიორგი რევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის და სპორტულ ცეკვებში მისი მეწყვილე მარია კაზაკოვა ოლიმპიური ლიცენზიისთვის მხოლოდ სექტემბერშიღა იბრძოლებენ. მაშინ გერმანიის ქალაქ ობერსდორფში საკვალიფიკაციო ეტაპია დაგეგმილი.

ალინა ურუშაძე

მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში   იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე. ვთქვათ ისიც, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი კანადის ქალაქ მონრეალში უნდა გამართულიყო, თუმცა, პამდემიის გამო ჩაიშალა. 2019 წელს იაპონურ საიტამაში ჩატარებულ ტურნირში ქართველთაგან მონაწილეობა მხოლოდ მორის ყვითელაშვილმა მიიღო და 240.74 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილი დაიკავა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კი ამერიკელი ნათან ჩენია (323.42 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები