Thumbnail

ნინუას მეორე გოლი პაოკ-ში - ნიკამ საბერძნეთის თასზე შინჯი კაგავას პასით გაიტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა საბერძნეთის თასის 1/4-ფინალში გაიტანა
  • პაოკ-მა არაბულისა და ფალავანდიშვილის ლამიასთან სტუმრად ფრედ ითამაშა 
  • სალონიკის გუნდი საბერძნეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა 

ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-ის მაისურით მეორე გოლი გაიტანა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი საბერძნეთის თასის გათამაშების ¼-ფინალის საპასუხო შეხვედრაში გამოირჩა, რომელიც მისმა გუნდმა ბაჩანა არაბულისა და გუგა ფალავანდიშვილის ლამიასთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ნიკამ მატჩი პაოკ-ის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა. ნინუამ საჯარიმოს გარედან შესრულებული ზუსტი დარტყმით გაიტანა, საგოლე გადაცემით კი ის დორტმუნდისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, იაპონელმა შინჯი კაგავამ მოამარაგა. სტუმართა ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.

📺 ნინუას გოლი ლამიასთან

ლამიას შემადგენლობაში ითამაშა გუგა ფალავანდიშვილმა, ბაჩანა არაბული კი განაცხადში არ ყოფილა. 

პაოკ-ი, რომელსაც ლამიასთან პირველი მატჩი ანგარიშით 5:2 ჰქონდა მოგებული, საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს. 

ნიკა ნინუა სალონიკის კლუბის ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც დინამო თბილისიდან გადავიდა. ქართველი ნახევარმცველისთვის ეს პაოკ-ის მაისურით გატანილი მეორე გოლია, პირველი კი ნიკამ ნოემბერში, საბერძნეთის სუპერ ლიგის მატჩში, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ყველა ტურნირში შესრულებული 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები