Thumbnail

'ეს მაქსიმუმია' - ჯიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების დრო დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის 43 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დაასახელა დრო, როდესაც კარიერას დაასრულებს. ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერის თქმით, პროფესიონალურ დონეზე მაქსიმუმ 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს, თუმცა გამორიცხული არაა, ფეხბურთიდან უფრო ადრეც წავიდეს.

"გონებაში ჩემი კარიერის დასრულების ყველაზე გვიანი დრო 2023 წლის ივნისია. ეს მაქსიმუმია, თუმცა შესაძლოა თამაში უახლოეს ოთხ თვეშიც დავასრულო. 

მსმენია, რომ როდესაც ადამიანი ჩემს ასაკს (43 წელს) აღწევს, ვარდნა ერთბაშად ხდება. ეს არ მჯერა. ვგრძნობ იმას, რასაც ვგრძნობ და ეს სულაც არ მიმანიშნებს რაღაც მოულოდნელ კრახზე. 

მიმდინარე სეზონში ჯიჯიმ იუვენტუსის კარი ყველა ტურნირის 10 მატჩში დაიცვა

სიმართლე რომ ვთქვა, პანდემიისა და იზოლაციის პირველი თვე ჩემთვის მართლაც მშვენიერი იყო. ამან მომცა შესაძლებლობა, დრო საკუთარი თავისთვის დამეთმო. ეს ის იყო, რასაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვახერხებდი - მთელი დღის განმავლობაში ცოლ-შვილთან ყოფნას, დროის გამონახვას პირადი საკითხებისთვის, ჰობისა და კითხვისთვის", - აქვეყნებს ლეგენდარული მეკარის სიტყვებს იტალიური მედია.

ბუფონი იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ჯანლუიჯი ბუფონს პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი 1995 წლის ნოემბერში, პარმას შემადგენლობაში ჰქონდა. მეკარემ, რომელმაც ერთი სეზონი პარი სენ-ჟერმენშიც გაატარა, კარიერის უდიდესი ნაწილი ტურინის იუვენტუსს დაუკავშირა, რომლის შემადგენლობაში 10-ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ იტალიის თასი მოიგო, 6-ჯერ კი - სუპერთასი. ჯიჯი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2012-ში კი - ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები