Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 20 წლის შემტევი ცნობილი რუსული გამოცემის ‘სპორტ-ექსპრესის’ გამომწერთა ვერსიით გამოარჩიეს.

ხვიჩას მე-20 ტურში წლის პირველ ოფიციალურ მატჩში მოსკოვის სპარტაკთან შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:0) ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. კვარაცხელიამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ჯერ საგოლე პასით და შემდგე მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და ჯორჯ დესპოტოვიჩმა ზუსტად დაამატა. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ დესპოტოვიჩმა დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ქართველს გადაეცა - სეზონში მეხუთედ.

ხვიჩა ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რუბინის გულშემატკივართა გამოკითხვითაც დასახელდა, თანაც დიდი უპირატესობით - ხმების 59% მიიღო. გარდა ამისა, 20 წლის ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში OptaSports-ის ვერსიითაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩას 17 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ამდენივე მოპოვებული პენალტი აქვს. ქართველ ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ყაზანის რუბინი კი 31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 8 მარტს გათამაშების ლიდერ ზენიტს შინ დაუპირისპირდება.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

კომენტარები

ბოლო ამბები