Thumbnail
  • 6 ერის ფორმატი - დისკუსია ირლანდიურ RTÉ TV-ზე 
  • ედი ო'სალივანი, შეინ ბერნი და ბერნარდ ჯეკმენი საქართველოს შანსებზე

იტალიის ნაკრებმა 6 ერის პირველობაზე ზედიზედ 30-ე მარცხი განიცადა - ბოლო მატჩში ფრანკო სმითის გუნდი რომში ირლანდიასთან 10:48 დამარცხდა. მას შემდეგ ირლანდიურ ტელევიზია RTÉ Sport-ზეც სერიოზული მასშტაბი მიიღო დისკუსიამ 6 ერის მომავალზე. მედია ამტკიცებს, რომ ფორმატი შესაცვლელია. შესაძლოა, 6 ერში პლეი ოფის სისტემის შემოღებაც, რაც საქართველოს ნაკრებს შანსს მისცეს. 

ედი ო'სალივანი და ბრაინ ო'დრისკოლი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ. 2007 წელი

ამ საკითხზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბეებმა შეინ ბერნმა და ბერნარდ ჯეკმენმა, ასევე ნაკრების ექსთავკაცმა ედი ო'სალივანმა. ისინი იტალიას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ორი მათგანი არც საქართველოს ნაკრებისთვის შანსის მიცემაზე ფიქრობს.

📺 იტალია v ირლანდია [მიმოხილვა]

შეინ ბერნი: "ყოველთვის ვფიქრობდით, რომ არაფერი მოხდება, იტალიას არავინ გაწირავს, როცა მასზე ამდენი ღვაწლი მიუძღვით. არავინ მისცემს შანსს საქართველოს ან მსგავს ქვეყანას და არ აქცევს 6 ერს მეორე დონის ტურნირად. მაგრამ თუ არგენტინა ან სამხრეთ აფრიკა 6 ერს შემოუერთდება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება".

ედი ო'სალივანი: "იტალია ტურნირის "იოლი ლუკმაა", ყოველი გუნდი იყენებს მათთან მატჩს ქულების შესავსებად. წარმოიდგინეთ, თუ ბოლო დღეს მათთან თამაშობთ, რამხელა უპირატესობაა და რა უსამართლობაა ტურნირისთვის. როცა იტალია 6 ერს შემოუერთდა, ყველა ამბობდა - ვაცალოთო - დრო გავიდა და ახლა უარესობაა და არა უკეთესობა. არ არის კარგი ტურნირისთვის, როცა ერთი გუნდი აშკარა მაჩანჩალაა ყოველ წელს".

ო'სალივანის ამ კომენტარის შემდეგ დისკუსიაში ლენსტერისა და ირლანდიის ნაკრების (9 კეპი) კიდევ ერთი ყოფილი მორაგბე ბერნარდ ჯეკმენი ჩაერთო.

ბერნარდ ჯეკმენი: "ჩემი აზრით, იტალიამ უნდა დამტკიცოს, რომ  ერში ადგილს იმსახურებს. შესაძლოა, საქართველო უფრო მზად არის ამ შანსისთვის".

დისკუსია წამყვან ფიონა კოგლენთან ერთად გაგრძელდა. ო'სალივანი ჯეკმენს არ დაეთანხმა:

ო'სალივანი: "რუმინეთი ან საქართველო იტალიის ნაცვლად? მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - თქვენ ყველა, ფიქრობთ სამხრეთ აფრიკაზე ან არგენტინაზე, მაგრამ ეს სულ სხვა ტურნირი იქნება. იტალიით, რუმინეთით ან საქართველოთი არაფერი გამოვა. 20 წელია "ვითარდება" იტალია, მაგრამ არაფერი მსგავსი".

📋 მეტი ამ თემაზე

ო'სალივანი მხარს უჭერს 6 ერის ისევ 5 ერად გადაკეთებას: "დიახ, თამაშები მოგვაკლდება, მაგრამ ეს ის მატჩებია, რომლებიც არაფერს ნიშნავს - 5 ერი უკეთესია".

2007 წელს ო'სალივანმა საქართველოსთან კინაღამ წააგო

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს სწორედ ედი ო'სალივანი წვრთნიდა ირლანდიის ნაკრებს, როცა მსოფლიოს თასზე ბორდოში საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა სენსაციამდე, ბრაიან ო'დრისკოლის კაპიტნობით მოთამაშე გუნდთან 10:14 დამარცხდა. სწორედ იმ თამაშში გიორგი შკინინმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები