Thumbnail
  • ბრაზილიელი 10 მარტამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
  • პსჟ-ს პირველი თამაში ‘ნოუ კამპზე’ 4:1 აქვს მოგებული

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას სტუმრად 4:1 მოუგო, ფრანგულ გრანდში არცთუ საუკეთესო ხასიათზე არიან. მიზეზი: ნეიმარი, დიდი ალბათობით, ბარსასთან საპასუხო მატჩსაც გამოტოვებს!

Le Parisien-ის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ბარსელონასთან ვერც 10 მარტს დაგეგმილ თამაშში დაეხმარება.

ნეიმარმა ტრავმა 10 თებერვალს, მეორელიგელ კაენთან სათასო მატჩში მიიღო. ამის შემდეგ პარიზული გრანდი ოფიციალურად იტყობინებოდა, რომ ბრაზილიელი დაახლოებით 4 კვირა დაისვენებდა.

თავად ნეიმარმა კაენთან მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის საქციელი დაგმო და ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში დაიმუქრა, რომ თუ მის წინააღმდეგ უხეშობას არ შეწყვეტენ, კარიერის დამთავრებაზე იფიქრებს: “სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, ამას კიდევ რამდენ ხანს ავიტან და მოვითმენ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს ბედნიერი ვიყო. მხოლოდ ეს და მეტი არაფერი!” - წერდა 29 წლის ნეიმარი.

პარიზელებს კატალონიურ გრანდთან საპასუხო შეხვედრაში ნეიმარი დიდად არც სჭირდებათ, რადგან ბარსა არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც პარიზში მინიმუმ 4 ბურთს გაიტანს და თან 3-ბურთიანი სხვაობით მოიგებს...

 

კომენტარები

ბოლო ამბები