Thumbnail

ჯეიმს ჰარდენს წუხელ ისტორიული დღე ჰქონდა და პირველ რიგში მისი დამსახურებაა, რომ ბრუკლინმა სან ანტონიოს დამარცხება შეძლო - 124:113 ოვერტაიმში.

31 წლის ჰარდენი ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 30 ქულა, 15 პასი და 14 მოხსნა ისე დააგროვა, რომ ერთი დაკარგვაც კი არ ჰქონია! ამავდროულად, ჰარდენი ყველაზე პროდუქტიულიც გახლდათ - ეს ისე, ცნობისთვის. ჰარდენისთვის ეს მე-7 სამმაგი დუბლი იყო 22-ე თამაშში მას შემდეგ, რაც ჰიუსტონიდან ბრუკლინში გადავიდა.

“ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო გზები იმისათვის, რომ თამაშზე გავლენა მოვახდინო. მხოლოდ ქულების დაგროვება არ არის ჩემი მიზანი,” - განაცხადა ჰარდენმა მატჩის შემდეგ და დასძინა: “ეს არის ჩემი საქმე და ასეთია ჩემი მიდგომა თითოეულ შეხვედრაში. ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი ძალიან კარგად იყო.”

ჰარდენი ბრუკლინის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: “ჯეიმსი ბრწყინვალე კალათბურთელია, რომლის დახმარებით სხვებიც მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ თამაშს. მას თითქმის ყველაფერი შეუძლია, რაც მოთამაშეს უნდა შეეძლოს. ჰარდენის სახით ჩვენ დიდებული ლიდერი გვყავს.”

ირვინგმა 27 ქულა ჩააგდო, ჰარდენმა - 30 

ჰარდენის გალა-წარმოდგენასთან ერთად, კაირი ირვინგმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - მან 27 ქულა დააგროვა. სან ანტონიოდან დემარ დეროზანს 22 ქულა ჰქონდა. ეს მატჩი არა მხოლოდ ჯეიმს ჰარდენისთვის, არამედ მთლიანად ბრუკლინისთვისაც ისტორიული იყო - ნეტსმა სან ანტონიოში ბოლო 19 წელიწადში პირველად მოიგო. 

36 მატჩის შემდეგ 23 გამარჯვებითა და 13 მარცხით ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ლიდერ ფილადელფიას ჩამორჩება, რომელმაც წუხელ გოგა ბითაძის ინდიანას მოუგო. სან ანტონიოს 17 მოგება და 13 მარცხი აქვს - სპურსი დასავლეთში მე-6 ადგილზეა.  მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები