Thumbnail

'მადლობა, მე დავასრულე!' - ჩიმაევი წავიდა და დანა უაითს ეს არ სჯერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის შვედმა მებრძოლმა ინსტაგრამში კარიერის დასრულების შესახებ დაწერა
  • UFC-ის პრეზიდენტის თქმით, ხამზატ ჩიმაევმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა 

ჩეჩნური წარმომავლობის მქონე შვედმა მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა, რომელიც UFC-ში ნახევრადსაშუალო და საშუალო წონით კატეგორიებში გამოდიოდა, ბევრისთვის მოულოდნელად, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

26 წლის მებრძოლმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: 

"მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სპორტში განვლილი გზის მანძილზე მხარს მიჭერდა. ვფიქრობ, რომ მე დავასრულე. დიახ, ვიცი, რომ ქამარი ვერ მოვიპოვე, მაგრამ ეს არ არის მთავარი გამარჯვება ამ ცხოვრებაში. შესაძლოა, ამან დაგაღონათ, მაგრამ გული და სხეული მკარნახობს, რომ დასრულდა. დიდი მადლობა ჩემს გუნდს და UFC-ს", - დაწერა ჩიმაევმა.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევს კორონავირუსმა სერიოზული გართულებები დაუტოვა. ამის გამო მისი ბრძოლა ლეონ ედვარდსთან ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.

მებრძოლის პოსტს მალევე გამოეხმაურა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, რომლის თქმით, მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება მხოლოდ ემოციურ ნიადაგზე გააკეთა და ის არ უნდა დავიჯეროთ. 

"როდესაც ის ლას-ვეგასში ჩამოვიდა, ექიმებმა იზრუნეს მასზე და მედიკამენტიც დაუნიშნეს, რომელიც დამშვიდებულმა უნდა მიიღოს და თავს აღდგენის საშუალება მისცეს. ის დღეს ვარჯიშზე არ წავიდა, თავი ძალიან შეუძლოდ იგრძნო, გახდა სუპერემოციური და გამოაქვეყნა ეს პოსტი. 

ეს ბიჭი ველურია - ჩხუბი ყოველკვირა სურს, ახლა კი ვარჯიშსაც ვერ ახერხებს და განცხადება ემოციურ ნიადაგზე ამიტომ გააკეთა. მაგრამ ის არსადაც არ მიდის", - ამბობს დანა უაითი.

ხამზატი 19 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩეჩნეთიდან შვედეთში გადაბარგდა

ხამზატ ჩიმაევმა, რომელსაც UFC-ის ქართველ მებრძოლთან გურამ ქუთათელაძესთან ახლო მეგობრებული ურთიერთობა აკავშირებს, შერეულ ორთაბრძოლებში ცხრა ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. UFC-ში მისი შედეგი სამიდან სამი გამარჯვებაა, ბოლო ორთაბრძოლა მან გასული წლის სექტემბერში ჩაატარა და ჯერალდ მერშერტი დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები