Thumbnail

'რუსეთი მალე უნდა დატოვოს' - ხვიჩას ევროპაში ზაფხულში გადასვლა ურჩიეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

რუსეთის პრემიერლიგა განახლდა და პირველივე ტურის შემდეგ ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის სპარტაკთან ბრწყინვალე პერფორმანსი ჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

რუსულმა გამოცემა ‘სპორტ-ექსპრესმა’ კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად სამომავლო ტრანსფერზე საუბარს დაეთმო. როგორც მასშია აღნიშნული, ხვიჩა რუსეთისთვის უკვე გადაიზარდა და ზაფხულში აუცილებლად ევროპულ გუნდში უნდა გადავიდეს, ოღონდ არა გრანდში არამედ, ისეთ კლუბში, რომელიც მისი მომავლისთვის ტრამპლინი იქნება.

"ხვიჩა კვარაცხელია სპარტაკი-რუბინის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან ყაზანელთა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მეტოქეებს კიდევ ერთხელ აჯობა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რუბინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ხვიჩას გაყიდვის: კლუბს აქვს მკაფიო წესი - არ გაყიდოს სეზონის შუაში გუნდის ლიდერები, როდესაც მათი ჩანაცვლების შანსი არ არსებობს.

კვარაცხელიამ სპარტაკის მცველი რომან ზობნინი გააწამა

რუბინის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ქართველი ფეხბუთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაყიდოს. მენეჯერების აზრით, ხვიჩა უკვე მზადაა ევროპულ გუნდში ითამაშოს. კლუბს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა სერდარ აზმუნთან მიმართებაში, რომელიც მზად იყო ევროპაში წასასვლელად, მოლაპარაკებებს ინგლისური კლუბებთან აწარმოებდა, მაგრამ ბოლოს ზენიტს მიჰყიდა, რადგან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნამ ინტერესი გააქრო და რუბინს სხვა შემოთავაზება უბრალოდ აღარ ჰქონდა.

ხვიჩას შემთხვევაში ეს გამოცდილება გათვალისწინებული იქნება. მოთამაშეს გაყიდვა მაშინ სჭირდება, როდესაც მასზე მოთხოვნაა და ის მზად არის ევროპაში გადასასვლელად. გასულ წელს რუბინმა ოფიციალური შეთავაზება მიიღო კრასნოდარისგან, რომლებიც 10 მილიონ ევროს იხდიდნენ და მზად იყვნენ ხვიჩა წელიწადნახევარი იჯარით რუბინში დაეტოვებინათ. მაშინ ყაზანელებმა უარი განაცხადეთ. მათ არ სურთ ხვიჩას რუსულ კლუბში გაყიდვა და მიზნად ევროპულ კლუბში ტრანსფერს ისახავენ. რუბინი მის გაყიდვას 15 მილიონ ევროს აპირებს და კლუბ მზაობას არ გამოთქვამს ამაზე ნაკლებ ფასში ტრანსფერზე, რა თქმა უნდა, თუ წინადადებას რეალისგან ან ბარსელონასგან არ მიიღებს.

რუბინი სამომავლო გარიგებაში აპირებს შეიტანოს კვარაცხელიას გაყიდვის პროცენტის წინაპირობა, როგორც ეს აზმუნის ზენიტთან ტრანსფერში მოხდა. თუ ირანელი ზენიტს დატოვებს, ტრანსფერის ღირებულების 20% რუბინს ერგება და იგივე ვარიანტი შევა ხვიჩას გარიგებაში - საუბარი 20-25%-ზე. ამგვარად, რუბინი ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელიას ტრანსფერში 15-20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

ხვიჩას ტრანსფერს ზაფხულში ვარაუდობენ

ამიტომ, კომპენსაციაზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ის იყოს, რომელ კლუბში წავა ხვიჩა. თუ ფეხბურთელი შესაფერს გუნდში აღმოჩნდება, სადაც ის პროგრესს გააგრძელებს და ახალ დონეს მიაღწევს, მაშინ რუბინი უფრო მეტს მიიღებს. კლუბის მოლოდინია, რომ ევროპულ კლუბში გადასვლის შემდეგ ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში მომდევნო ტრანსფერიდან რუბინი ქართველის წყალობით 10 მილიონ ევროს მაინც მიიღებს.

რუბინს ზამთარში ოფიციალური შეთავაზებები არ მიუღია. ინტერესი და საუბარი არსებობს, მაგრამ არა ოფიციალური საბუთების სახით. დაინტერესებული გუნდები არ არიან იტალიის წამყვანი კლუბები და არც ევროპის ტოპჩემპიონატების სხვა ლიდერი გუნდები. ხვიჩასთვის ქართული პასპორტი სირთულეა, რომელიც საშუალო ეროვნული ნაკრებია. საქართველომ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს იმავე შუამავლებთან, რომლებიც საბოლოოდ ესპანელი, ფრანგი, ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების გადაბირებას ამჯობინებენ.

დესპოტოვიჩმა დუბლი კვარაცხელიას დამსახურებით შეასრულა

რუბინისა და ხვიჩას მთავარი მიზანია, იპოვონ ისეთი კარიერული ვარიანტი, სადაც მოთამაშე უფრო განვითარდება. რა თქმა უნდა, კვარაცხელია არ არის მზად ბაიერნის ან ლივერპულის დონის ტოპ კლუბისთვის. რუბინში ეს ესმით, ამიტომ, ისინი მიზნად ისახავენ შუალედურ ვარიანტს და კლუბს, რომელიც პლაცდარმი გახდება. გუნდი, ტოპკლუბების ერთი ნაბიჯით უკან, რომელიც არ იბრძვის ჩემპიონობისთვის, მაგრამ ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია. დღეს ხვიჩას ასეთი კლუბი სჭირდება.

კვარაცხელიას თებერვალში 20 წელი შეუსრულდა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის დონე მისთვის უკვე შევიწროვებულია. ამ სეზონში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ხუთი ჯილდო აქვს, რაც ყველაზე კარგი შედეგია. კვარაცხელიას ოცნებაა - რეალი, კლუბი, რომლის გულშემატკივარი ბავშვობიდან იყო, ყოველთვის ირჩევს მას FIFA-ში და ოცნების ასასრულებლად რუსეთი, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს", - წერს გამოცემა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩას 17 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ამდენივე მოპოვებული პენალტი აქვს. ქართველ ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ყაზანის რუბინი კი 31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 8 მარტს გათამაშების ლიდერ ზენიტს შინ დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები