Thumbnail

'სპარტაკს ხვიჩა ნებისმიერ ფასად უნდა ეყიდა' - კვარაცხელია ტურის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რუსეთის ჩემპიონატი განახლდა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველსავე მატჩში გაიბრწყინა. მისმა გუნდმა სტუმრად მოსკოვში სპარტაკს ანგარიშით 2:0 მოუგო, 20 წლის ქართველმა ტალანტმა კი ორივე გოლში წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საიტი ФНК ქართველ ფეხბურთელზე წერს:

"როგორც ჩანს, ხვიჩას გაცილებით სტატუსიან ლიგაში გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხია. კვლავაც გაოცებას იწვევს ლოკომოტივის მენეჯმენტის ახლომხედველობა, რომელმაც ფეხბურთელი ყაზანელებს დაუთმო. ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მეტოქის დაცვა თავისი ელვისებური დრიბლინგით და არაერთხელ აიძულა მცველები, დაერღვიათ წესები. მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდის ორივე საგოლე შეტევაში. ჯერ საგოლე გადაცემით დესპოტოვიჩი მოამარაგა, შემდეგ კი უკვე თავად დაარტყა კარში, რის შემდეგაც სერბმა დაამატა. ფაქტია, შეტევაში ბრწყინვალედ თამაშის პარალელურად, ხვიჩა არც დაცვაზე ზრუნვას ივიწყებდა - მის ანგარიშზე 3 მოგერიება, პლუს 2 ჩაჭრაა" - წერს საიტი, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ხვიჩა სიმბოლურში უკვე მე-4 დაასახელა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

აღსანიშნავია, რომ საიტმა ტურის რჩეულებში ხვიჩასთან ერთად ვოლგოგრადის როტორის ნახევარმცველი ნიკა ყიფიანიც შეიყვანა, რომელმაც სტუმრად ტამბოვთან გამარჯვებაში (3:1) უდიდესი წვლილი შეიტანა.

სხვათა შორის, სპარტაკის წინააღმდეგ ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა მოსკოვური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ჩერვიჩენკო. მისი თქმით, სპარტაკს ამ ზამთარს ნიდერლანდელი კვინსი პრომესის ნაცვლად, სწორედ კვარაცხელია უნდა ეყიდა - ნებისმიერ ფასად.  

"პრომესი სპარტაკისთვის ცუდი ტრანსფერია და ეს პირველივე თამაშმა დაამტკიცა. სპარტაკს ამ ზამთარს კვარაცხელია უნდა ეყიდა ნებისმიერ ფასად, რასაც რუბინი მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გუნდს ეყოლებოდა კაცი, რომელიც ყველა ზონას შეაკავშირებდა და შეტევას გაამწვავებდა. სწორედ ეს ვნახეთ დღეს კვარაცხელიას თამაშში. 
 
სპარტაკს ყოველთვის სჭირდება მოთამაშე, რომელიც პასებს დაარიგებს, წაიყვანს თამაშს, თავდამსხმელებს დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანს, როგორც ამას დღეს კვარაცხელია აკეთებდა. აი, ასეთი მოთამაშის ყიდვა იყო საჭირო", - ამბობს ჩერვიჩენკო რუსულ მედიასთან

ხვიჩა სპარტაკთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 20 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მიითვალა 3 საგოლე პასი და ამდენივე პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები