Thumbnail

'ყველა თამაში უნდა მოვიგოთ' - ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში ყაზანის რუბინმა მოსკოვში, სპარტაკი ჯორჯ დესპოტოვიჩის დუბლით 2:0 დაამარცხა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი არა სერბი, არამედ ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ქართველმა შემტევმა ორივე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა: ჯერ საგოლე პასი გააკეთა და შემდეგ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დესპოტოვიჩმა შედეგიანად დაამატა.

მატჩის შემდეგ ხვიჩას საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს და Match Premier-თან მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, თავს ფიზიკურად ძალიან კარგად გრძნობს.

"მძიმე ამინდი იყო, მოედანიც არ ყოფილა კარგ მდგომარეობაში. მთავარია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ, ასე რომ, ბედნიერი ვარ. ქვინსი პრომესის რუსეთში დაბრუნება? ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა და მასთან ფრთხილად თამაშია საჭირო. შეკრებაზე კარგად მოვემზადეთ და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანია ყველა დარჩენილი მატჩი მოვიგოთ", - თქვა ხვიჩამ.

თამაშის შემდეგ კომენტარი ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმაც გააკეთა: "ხვიჩამ, დესპოტოვიჩმა, მაკაროვმა - მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, როგორც ჩანს, ხვიჩა სხვა ლიგიდანაა".

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პრესეზონის ფარგლებშიც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და 6 გოლიც გაიტანა. მაგარ ფორმაში რომ არის, წლის პირველ ოფიციალურ მატჩშიც გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში ხვიჩას 17 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ამდენივე მოპოვებული პენალტი აქვს. ყაზანის რუბინი კი 31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 8 მარტს გათამაშების ლიდერ ზენიტს შინ დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები