Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა
  • ლენოვო ტენერიფე მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ სტუმრად მონბუსი 97:71 დაამარცხა. კანარიელებმა იოლად გაიმარჯვეს, მაგრამ პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და დიდ შესვენებაზე სტუმრები ერთქულიანი ჩამორჩენითაც გავიდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ტენერიფე ძალიან დიდ უპირატესობას დაეუფლა და მორიგი თამაში მოიგო.

გიორგი შერმადინი პარკეტზე გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა 19:54 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 25 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP ქართველი კალათბურთელი გახდა.

შერმადინის გარდა, კანარიელთა რიგებში მარსელინო უერტასიც მაგრად თამაშობდა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა და გამარჯვებაში გიორგისთან ერთად ყველაზე სოლიდური წვლილი შეიტანა.

ლენოვო ტენერიფე 18 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 13 მარტს სან პაბლო ბურგოსს სტუმრად შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები