Thumbnail
  • “დეილი მირორის” ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიას დათანხმდება
  • ლივერპულის ხელმძღვანელები სტივენ ჯერარდზე ფიქრობენ

თითქმის მთელი საფეხბურთო გერმანია იმაზე ოცნებობს, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრები იურგენ კლოპმა ჩაიბაროს, რადგან იოახიმ ლიოვის ხელში ბუნდესგუნდს დიდი ხანია, სერიოზული კრიზისი აქვს, მაგრამ კლოპის ბუნდესმწვრთნელად დანიშვნის პერსპექტივა აქამდე ძალიან ბუნდოვანი იყო. ახლა კი ვითარება შეიცვალა, რადგან თავად კლოპსაც კრიზისი აქვს ლივერპულში და დიდი შანსია, მერსისაიდული კლუბი დატოვოს! ამის შესახებ ‘დეილი მირორი’ და გერმანული გამოცემები წერენ.

‘დეილი მირორის’ ექსკლუზიური ინფორმაციით, 53 წლის კლოპი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას (DFB) თანხმობას ეტყვის შეთავაზების შემთხვევაში, ლივერპულში კი მის ნაცვლად სტივენ ჯერარდის დანიშვნაზე ფიქრობენ.

ლიოვს DFB-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხსნან და თუ გერმანიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური იქნება, ყველა გზა კლოპისკენ მიდის. ‘დეილი მირორი’ წერს, რომ თუკი აქამდე მოვლენების ასეთი განვითარება ბუნდოვანი იყო, რადგან ლივერპულში კლოპს ყველაფერი იდეალურად ჰქონდა, ახლა სხვანაირადაა და თავად გერმანელსაც სურს ნაკრებში წასვლა.

იურგენს და მერსისაიდელებს მძიმე კრიზისი აქვთ. გერმანელს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა გამორიცხული უკვე აღარაფერია. ‘მირორის’ ცნობით, ლივერპულის ხელმძღვანელები აღარ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ კლოპი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. მართალია, მის გათავისუფლებაზე ახლა არ ფიქრობენ, რადგან კრიზისი მეტწილად ტრავმების ბრალიცაა, თუმცა აღარაფერს გამორიცხავენ და თანაც, იციან, რომ კლოპს გერმანიის ნაკრებში მუშაობა სურს და თუ შანსს მიიღებს, უარს ვერ იტყვის.

თანაც, სტივენ ჯერარდი მერსისაიდელებისთვის ძალიან საინტერესო კანდიდატია - შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ლეგენდა გლაზგოს რეინჯერსს წვრთნის და კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ‘მირორის’ ინფორმაციით, ლივერპულის მთავარი მფლობელი ჯონ ჰენრი და დირექტორი ტომ ვერნერი ჯერარდის მუშაობას აკვირდებიან და კლოპის წასვლის შემთხვევაში სტივი პირველი კანდიდატი იქნება. მოკლედ, ჯერარდს და მის ასისტენტ გარი მაკალისტერს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ კლოპი და მისი შტაბი შეცვალონ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები