Thumbnail

'ჯერ თამაშებს ყურადღებით უყურე და მერე ილაპარაკე' - პირლო ჟურნალისტს ეკამათა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსმა ვერონასთან მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა (1:1)
  • ანდრეა პირლომ პობლემებზე ილაპარაკა და ჟურნალისტებს არ დაეთანხმა

სერია A-ს 24-ე ტურში იუვენტუსმა ვერონასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ტურინელები კრიშტიანო რონალდოს გოლით იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს გოლი გაუშვეს და მხოლოდ 1 ქულა დარჩათ. ანდრეა პირლომ წარუმატებლობა გამოუცდელობას დააბრალა და თქვა, რომ მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომლებმაც თამაშის სცენარი ვერ წაიკითხეს.

"იმედგაცრუებულები ვართ. კარგად დავიწყეთ, უპირატესობა მოვიპოვეთ, რაც რეალურად ყველაზე რთული იყო, მაგრამ შედეგი ვერ შევინარჩუნეთ, რაღაც გვაკლდა... არის წვრილმანი დეტალები, რასაც შეუძლია შედეგზე გავლენის მოხდენა. ეს ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ ესმით, ისინი ვერ მიხვდნენ, რა მიმართულებით მიდიოდა თამაში. გამოცდილი ფეხბურთელების არყოფნა დაგვეტყო, კრიშტიანოს და ალექს სანდროს ვთხოვე, რომ მოედანზე ელაპარაკათ თანაგუნდელებთან, მაგრამ ორი მოთამაშე ამ პრობლემის გადასაჭრელად ძალიან ცოტაა", - თქვა პირლომ თამაშის შეფასებისას.

ამის შემდეგ პირლოსა და 'ტუტოსპორტის' ყოფილ რედაქტორ ჯანკარლო პადოვანს შორის ცხარე კამათი იყო. ჟურნალისტმა პირლოს უთხრა, რომ ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი 3-4-2-1 ტაქტიკურ სქემაში ფუნქციების გარეშე დარჩნენ, რასაც 41 წლის სპეციალისტი კატეგორიულად არ დაეთანხმა:

"3 მცველით იმიტომ ვითამაშეთ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. როდესაც 4 მცველი და თავდამსხმელები გაკლია, მითხარი, რა იყო საუკეთესო გამოსავალი? რატომ არ ვათამაშე დრაგუსინი? ის არ არის მარჯვენა მცველი, მას ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. კომენტარის გაკეთებამდე ყურადღებით უნდა უყუროთ თამაშებს, არა მგონია, ამას კარგად აკეთებდეთ. კიეზა და ბერნარდესკი ფუნქციის გარეშე? შენ ვის გაიყვანდი მოედანზე? კიეზა არის გარემარბი, მაგრამ ხშირად უთამაშია ამ პოზიციაზე, ბერნარდესკი თითქმის ყოველთვის ამ როლში იყო. ალბათ ისინი ერთადერთი ფეხბურთელები იყვნენ ამ თამაშში, რომლებიც თავის იდეალურ პოზიციაზე თამაშობდნენ. რატომ არ გადავაწყვე გუნდის თამაში 4 მცველზე? სინამდვილეში მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სათადარიგო სკამს შევხედე და იქ ისეთი არავინ იყო, ვინც ამ სქემაში ითამაშებდა," - აღნიშნა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ვერონასთან საკადრო პრობლემებით ითამაშა და პირლოს სათადარიგო სკამზე მინდვრის მოთამაშეებს შორის პირველი გუნდიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (უესტონ მაკკენი) ჰყავდა და თადარიგის მთლიანად ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებით დაკომპლექტება მოუწია. ტურინული გრანდი 23 თამაშში მოპოვებული 46 ქულით სერია A-ში მე-3 ადგილზეა და მომდევნო ტურში სპეციას დაუპირისპირდება.

📺 ვერონა 1:1 იუვენტუსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები