Thumbnail
  • შტუტგარტთან 1:5 განადგურებით შალკეს ფეხბურთელებმა მიზანს მიაღწიეს
  • კლუბის ბოსებმა გაუშვეს მწვრთნელი, დირექტორი და მენეჯერი
  • გელზენკირხენულ კლუბი ქაოსშია და ალბათ მაინც გავარდება

მხოლოდ 9 ქულა 23 ტურის შემდეგ, ბოლო ადგილი და 8-ქულიანი ჩამორჩენა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ მაინცთან - შალკეს ამ სეზონში ალბათ ვეღარავინ გადაარჩენს, მაგრამ მაინც - გელზენკირხენული კლუბის ბოსებმა მაინც გადადგეს კიდევ ერთი, უფრო სწორად რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი.

‘ბილდი’ რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ შალკეს ფეხბურთელებს მწვრთნელის გაშვება სურდათ, ახლა კი ისე გამოვიდა, რომ შტუტგარტთან 1:5 განადგურების შემდეგ არა მარტო მწვრთნელი (რომელიც ახლახან იყო დანიშნული), არამედ ფაქტობრივად ყველა სპორტული მმართველი წავიდა!

კრისტიან გროსი და იოხენ შნაიდერი

მოკლედ, გელზენკირხენულ კლუბს ტოტალური ქაოსი აქვს! დავიწყოთ იმით, რომ შალკემ მთავარი მწვრთნელი ამ სეზონში უკვე მესამედ მოხსნა - 66 წლის კრისტიან გროსი პირველი იყო, ვისაც კვირას ჩემოდნები ჩაალაგებინეს. ამ კაცმა გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელად მხოლოდ 2 თვე იმუშავა და ერთადერთი თამაში მოიგო.

მასთან ერთად ასევე გათავისუფლებულია სპორტული დირექტორი იოხენ შნაიდერი, გუნდის მენეჯერ-კოორდინატორი საშა რიტერი და ფიზმომზადების მწვრთნელი ვერნერ ლოითარდი. 

შეგახსენებთ, რომ შალკემ სეზონი მწვრთნელ დავიდ ვაგნერთან ერთად დაიწყო, რომელიც ორი ტურის შემდეგ გაუშვეს. იგი მანუელ ბაუმმა შეცვალა, რომელიც მერე გროსმა ჩაანაცვლა და ახლა გროსიც გათავისუფლებულია! ბაუმსა და გროსს შორის ასევე იყო ჰუუბ სტევენსიც - დროებით მწვრთნელად. ეს ყველაფერი ერთ სეზონში, უფრო ზუსტად ბუნდესლიგის 22 ტურში!

გროსმა შალკეს ბაზა კვირას დილით დატოვა

სპორტული დირექტორი პეტერ კნებელი უნდა გახდეს, რომელიც ადრე ჰამბურგის შეფი იყო, ბოლოს კი შალკეს ახალგაზრდული გუნდების განვითარებას ემსახურებოდა. ‘ბილდის’ ინფორმაციით, შალკეში მიიყვანენ ყოფილ მეკარე მათიას შობერსაც, რომელიც ადრე ასევე ჰამბურგში თამაშობდა. მწვრთნელად კი მაიკ ბიუსკენსი განიხილება, რომელიც შალკეში საუკეთესო დროს თამაშობდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები