Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 110:107 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე 11:23 წუთი ათამაშეს
  • პეისერსისთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო

გოგა ბითაძის ინდიანას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა ნიუ იორკ ნიქსთან, რომელიც NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად ბრძოლაში პეისერსის ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია. ქართველი ცენტრის გუნდი 107:110 დამარცხდა, რაც პირველ რიგში ჯულიუს რენდლის დამსახურებაა, რომელმაც 28 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მას მხარი აუბეს არ ჯეი ბარეტმა (24 ქულა) და დერიკ როუზმაც (17).

ინდიანადან განსაკუთრებით დუგ მაკდემოტი (20 ქულა), ტი ჯეი მაკონელი (17) და დომანტას საბონისი (15) იბრძოდნენ. მალკოლმ ბროგდონის სახით ინდიანას მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა. 

რაც შეეხება ბითაძეს: გოგა 11:23 წუთი ათამაშეს, რა დროშიც 5 ქულა დააგროვა და +/- კოეფიციენტი +10 დააფიქსირა. ბითაძემ ოთხიდან ორი 2-ქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ორჯერ ისროლა და ორჯერვე არაზუსტად. ბითაძეს 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. 

პირველ ტაიმში ინდიანა უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ნიქსმა 17:3 გაქცევა მოახერხა და მატჩის პირველი ნახევარი 54:52 მოიგო. მეორე ტაიმში დაძაბული თამაში გაგრძელდა და ნიუიორკელები თავიანთ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მართალია, ბოლო წუთებში პეისერსი მეტოქეს 104:103-ზე მიუახლოვდა, მაგრამ ნერლენს ნოელმა და იმავე რენდლმა ნიქსს თამაში მაინც მოაგებინეს.

17 მოგებითა და 17 ფრით ნიუ იორკ ნიქსი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ინდიანას კი 15 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს (მე-8 ადგილი). გოგა ბითაძის გუნდს ახლა ზედიზედ სამი თამაში აქვს წაგებული, მომდევნო მატჩს კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფიასთან 2 მარტს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები