Thumbnail

'დღეს ფეხბურთელებს ათლეტებს ეძახიან, ჩემ დროს ასე არ იყო' - გაისკა მენდიეტა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გაისკა მენდიეტამ ძველი ამბები გაიხსენა
  • ესპანელი ვეტერანი ინგლისში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური გრაფიკი აქვს

გაისკა მენდიეტა ალბათ ყველას გახსოვთ, ვალენსიას ორივე წაგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2000, 2001), სწორედ ბასკი ნახევარმცველი კაპიტნობდა. მესტალიადან სტადიო ოლიმპიკოზე გადავიდა, სადაც ლაციოს მაისური მოირგო, თუმცა რომში თამაში არ გამოუვიდა. შემდეგ იყო მიდლსბრო და საბოლოოდ ინგლისში დამკვიდრდა.

"სტივ მაკლარენმა რომში ჩამომაკითხა..." - იხსენებს მენდიეტა. "ვიცოდი, რომ ბარსას, ვალენსიას და რომის მერე უცნაურ გარემოში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ ჟუნინიომ, დორივამ და ზენდენმა ესპანური იცოდნენ და ეს მაიმედებდა. სტივი ურთიერთობაში კარგი კაცი იყო, მაგრამ ვარჯიშები უცნაური ჰქონდა..."

გაისკა მენდიეტა მიდლსბროში თამაშისას

"პირველივე დღეს მივედი - სტივ, ასე თუ გავაგრძელეთ შობისთვის 90კგ ვიქნები მეთქი. ესპანეთში და იტალიაში კვირაში ერთი დღეც კი არ მქონდა ხშირად თავისუფალი, ინგლისში 2 დღე მქონდა, პლუს აღდგენის დღე და ზაფხულში 45 დღიანი პაუზა... ვფიქრობდი, მეთქი ეს სად მოვხვდი?"

"დღეს ფეხბურთელებს ატლეტებს უწოდებენ, ჩემ დროს, განსაკუთრებით ინგლისში ასე არ იყო, თუ ტექნიკურად კარგი მოთამაშე იყავი, უფლება გქონდა ზედმეტი კილოგრამები გეტრებინა, მახსოვს ვიღაცეები ღიპებით დარბოდნენ."

"ასეთ რეჟიმზე გადაწყობა რთული იყო, რადგან ვალენსიაში კლაუდიო რანიერისთან მქონდა ნამუშევარი. დღის 3 საათზე გვინიშნავდა ვარჯიშებს, სიმძიმეებით და დიდი დატვირთვით. არადა, შუადღეს ესპანელები ვისვენებთ, რანიერის ეს ვერ გავაგებინეთ."

კარიერის დასრულების შემდეგ მოყვარული DJ გახდა

მიდლსბროში ბოლო სეზონები მენდიეტამ გარეტ საუთგეიტის ხელში ითამაშა (ყოფილი გუნდელის). "არ მეგონა, რომ გარეტი ინგლისის ნაკრებში წარმატებით იმუშავებდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ის ამ საქმისთვის იდეალური კადრია. ჩემთან ერთი რამ შეეშალა - გულწრფელი არ იყო. ხელმძღვანელობას ჩემი გაშვება უნდოდა, ის ამას ვერ მეუბნებოდა და ერთი წელი მაიმედებდა საჭირო კაცი ხარო. თუმცა, შემდეგ მითხრა, რომ ცდებოდა და სხვანაირად უნდა მოქცეულიყო."

გაისკა მენდიეტა წლებია უკვე ინგლისში ცხოვრობს. ტელეწამყვანია, მოყვარული DJ და სულ ახლახანს ემილ ჰესკისთან და მაიკლ ჯონსონთან ერთად ორგანიზაცია 'Player 4 Player' დაარსა, რისი მეშვეობითაც პროფესიონალი ფეხბურთელები სხვადასხვა დროს ერთმანეთის დახმარებას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები