Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ქუთაისში ტორპედოსთან მატჩით დაიწყო და გრიგოლ ჩაბრაძის ერთადერთი გოლით სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ და მიხეილ აშვეთიამ, აგრეთვე, ბათუმელთა ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა თამაში შეაფასეს.

ბუნებრივია, შედეგით გეგუჩაძე კმაყოფილი დარჩა, აშვეთია - არა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ორივე სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ფორმაში შევლენ და სეზონის სტარტზე საუკეთესო თამაშის ხარისხის ჩვენება თითქმის შეუძლებელია.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი)

"დაძაბული თამაში იყო. გამომდინარე იქედან, რომ პირველ მატჩის ჩატარება ყოველთვის რთულია. მითუმეტეს, გასვლაზე ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი არ იყო, ქუთაისში თამაში ყოველთვის ძნელია, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, ვიდრე თამაშის ხარისხი, რომელსაც თამაშიდან თამაშამდე უფრო გამოვასწორებთ".

მამუჩაშვილი აქტიური იყო და პირველ ტაიმში საგოლე შანსიც ჰქონდა

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

"კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. რთულ თამაშს ველოდებოდით, რადგან ტორპედომ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა და კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, ძალიან გაგვიჭირდა გოლის გატანა, მეორე მხრივ, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბიჭებმა იბრძოლეს და გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. თავისთავად სეზონის სტარტზე არა მგონია, რომ რომელიმე გუნდმა საუკეთესო თამაშის ხარისხი აჩვენოს, თუმცა ნამდვილად არ გვითამაშია ცუდად. ნელ-ნელა სეზონის გახურებასთან ერთად ჩვენც გავაუმჯობესებთ ხარისხს, მეტ გოლს გავიტანთ, მეტ საგოლე მომენტს შევქმნით და უფრო ლამაზ, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ".

მიხეილ აშვეთია (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი)

"შედეგით, რასაკვირველია, უკმაყოფილო ვართ, რადგან დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლა იყო, არაფერში არ ჩამოუვარდებოდით დინამო ბათუმს. ტაქტიკური მონახაზი, რაც დავგეგმეთ ბიჭებმა კარგად შეასრულეს, მაგრამ ცოტა მოვდუნდით ბოლოს და დავისაჯეთ. ამ მოკლე ხანში, რაც შევძელით ასეთი თამაში იყო და სიმართლე გითხრათ, ეს იყო პირველი თამაში, როცა ეს ბიჭები რეალურად საქმეში ვნახეთ, რადგან არცერთი მაღალი დონის ამხანაგური თამაში არ გვქონია, მხოლოდ მესამე-მეოთხე ლიგის გუნდებთან ვისპარინგეთ. ამიტომ, დღეის შემდეგ კიდევ ანალიზს გავაკეთებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ. ამის მიუხედავად, დინამო ბათუმთან ცუდად არ გვითამაშია და მოგებაც შეგვეძლო. ვფიქრობ, ალბათ უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა მომენტებიდან გამომდინარე, მაგრამ დინამო ბათუმი მაღალი დონის გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო და შეცდომა არ გვაპატია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს და წარმატებებს ვუსურვებ, როგორც დინამო ბათუმს, ისე ჩემს გუნდს".

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედო ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დაამარცხა. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 5 მარტს, ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს, თუმცა თამაში არა ბათუმში, არამედ გორში გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები