Thumbnail

დღეს დაიწყო საქართველოს რიგით 33-ე ეროვნული ჩემპიონატი. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ერთ-ერთი ფავორიტი დინამო ბათუმი ქუთაისში ტორპედოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ექს-თელაველმა მარჯვენა მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა. ეს 24 წლის ფეხბურთელის პირველი ოფიციალური გოლია დინამო ბათუმის მაისურით.

გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატი 3 ქულით დაიწყო

პირველ ტაიმში ბურთს ძირითადად დინამო ბათუმი აკონტროლებდა, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდს მწვავე შეტევები არ გამოსდიოდა. დინამომ პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგიდან იაქტიურა და რამდენიმე კუთხური მოიპოვა, თუმცა არც მათ მოჰყოლია საგოლე მომენტები. ტორპედოს მხრიდან მხოლოდ ნადარაიას თავურს გამოვარჩევთ ტაიმის მიწურულს.

62-ე წუთზე ქუთაისელებმა გოლი კი გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო ის გაუქმდა. შემდეგ შეტევაში დინამო ბათუმი კუპატაძის "სეივმა" იხსნა, ლაზარემ ერთი-ერთზე დუელი მოუგო ტორპედოს შემტევ ფადი ზიდანს, ბურთი მან ფეხით მოიგერია.

📺 ტორპედო v დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

76-ე წუთზე დინამოს საგოლე მომენტი ჰქონდა - გიორგი ნიქაბაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰამზიჩმა ტაბატაძის დახმარებით მომენტი გააუვნებელყო. 79-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ ფანცულაიასთან ბურთი გაითამაშა და დინამო დააწინაურა - 0:1. მატჩის მიწურულს გატანა ალთუნაშვილსაც შეეძლო, მაგრამ ტორპედო ჰამზიჩმა გადაარჩინა. 

ტორპედო 0:1 დინამო ბათუმი

გოლი: 0:1 ჩაბრაძე (79)

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი - ტაბატაძე (81. ინკუმი), ქაფიანიძე (80. ჩაკვეტაძე), მირცხულავა, ტუიჩიბაევი, ნადარაია - რეკიში, მამასახლისი, ბუკასი (76. შარვაშიძე) - სალაკუ, ზიდანი (75. გოგუაძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე (64. აზაროვი) - მამუჩაშვილი (91. ზარია), ტეიდი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი (63. ფანცულაია) - ნიქაბაძე (82. მანჯგალაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები