Thumbnail

'იუვეში რონალდოს ტრანსფერი ჩაფლავდა' - ანტონიო კასანო კრიტიკულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდის აზრით, რონალდოს ტრანსფერს შეცდომა იყო
  • 38 წლის კასანოს აზრით, იუვენტუსმა პორტუგალიელისგან სარგებელი ვერ ნახა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო მიიჩნევს, რომ ტურინის იუვენტუსმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კრიშტიანო რონალდო შეიძინა. 

პორტუგალიელი ვარსკვლავი იტალიაში მადრიდის რეალიდან, 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ტურინელებს ტრანსფერი დაახლოებით 117 მილიონი ევრო დაუჯდათ. კრიშტიანოსთან ერთად იუვენტუსმა ორ-ორჯერ სერია A და იტალიის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ¼-ფინალს ვერ გასცდა… 

"იუვენტუსმა რონალდო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გაიფორმა, მაგრამ მისი დამატების შემდეგ შედეგად გუნდი იქ კიდევ უფრო უარესად გამოდის. იუვეს იტალიის ჩემპიონატის მოგება კრიშტიანოს გარეშეც შეეძლო. ეს ტრანსფერი ჩაფლავდა.

ამასთან ერთად, რონალდოს საერთო არაფერი აქვს პირლოს იდეებთან. ის გააგრძელებს გატანას იმიტომ, რომ ამის გაკეთება მჯდომარესაც შეუძლია. ის საჯარიმოში მარცხნიდან იჭრება, ცივსისხლიანია მეტოქის კართან, მისი თამაში თავით კი უნიკალურია. 

ანდრეა პირლოს თამაშის დაცვიდან აგება სურს და მაღალ პრესინგს ითხოვს, რონალდო კი, რომელსაც მართალია, მარტოსაც შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვეტა, პრესინგში აქტიურად არ მონაწილეობს”, - აქვეყნებს იტალიური მედია 38 წლის კასანოს სიტყვებს, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა.

კრიშტიანომ იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება აქამდე ვერ შეძლო

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის 19 მატჩში ითამაშა და 18 გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის სათავეშია. ანდრე პირლოს გუნდს 22 მატჩში 45 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქედ პორტუ ჰყავთ, რომელთანაც პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 1:2 დათმეს, საპასუხო შეხვედრაში კი 9 მარტს უმასპინძლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები