Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 102:93 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • კალიფორნიელებმა ბლეიზერსს ლებრონ ჯეიმსის დუბლით მოუგეს
  • ლებრონსა და კარმელო ენტონის რეგულაციების დაცვა დაავიწყდათ 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც "სტეიპლს ცენტრში" პორტლენდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

თამაშის დაწყების წინ ყურადღება მიიქცია მეტოქეების, ლებრონ ჯეიმსისა და კარმელო ენტონის ქმედებამ, რომლებიც ლიგის მოთხოვნების საპირისპიროდ, ერთმანეთს გულიანად გადაეხვივნენ.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო სწორედ ლებრონი იყო. კალიფორნიელთა ლიდერმა 28 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ლებრონი ლეიკერსის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე გახდა, რომლის სტატისტიკურმა მონაცემებმა მატჩში 25 ქულას, 10 მოხსნას, 5 პასს, 3-3 ჩაჭრასა და დაფარებას მიაღწია. მანამდე მსგავსი მიღწევით 12-ჯერ ქარიმ აბდულ ჯაბარი, სამ-სამჯერ ვლადე დივაცი და შაკილ ო’ნილი, ორჯერ კი მეჯიქ ჯონსონი გამოირჩნენ.

პირველი ორი პერიოდი პორტლენდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებმა მაინც ვერ მოახერხეს ანგარიშში წინ კომფორტული სხვაობით გასვლა. შედეგად, მესამე მეოთხედში ლეიკერსმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მატჩიც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

ლებრონს მხარი დენის შრიოდერმა და მონტრეზლ ჰარელმა აუბეს - გერმანელმა გამთამაშებელმა 22 ქულა მიითვალა, ამერიკელმა ცენტრმა კი 17 ქულას 9 მოხსნაც დაუმატა. 

ბლეიზერსის შემადგენლობაში და მოედანზეც, შედეგიანობით გამორჩეული დემიენ ლილარდი იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. 19 ქულით დაეხმარა გუნდს გარი ტრენტი, ენეს კანტერმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა, 17 მოხსნა.

📺 ლეიკერსი V ბლეიზერსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსს 34 მატჩში 23 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მესამეა. კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 1-ელ მარტს, შინ გოლდენ სტეიტ უორიორსთან ჩაატარებენ. 

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, 32 მატჩში 18 მოგებით, ამავე კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკევებს, მომდევნო თამაშს კი 2 მარტს, შინ შარლოტ ჰორნეტსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები