Thumbnail

PREVIEW | ტორპედო v დინამო ბათუმი - პირველი ტურის მთავარი მატჩი ქუთაისშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი იწყება. პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაში ქუთაისში გაიმართება, სადაც ტორპედო მოქმედ ვიცე-ჩემპიონ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ დინამო ბათუმს უმასპინძლებს.

აჭარული კლუბი ახალ სეზონში უმაღლეს საფეხურს უმიზნებს. გია გეგუჩაძის გუნდს ბოლო ორ სეზონში ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე. ბათუმელებმა სეზონის წინ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს და რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატეს. ზღვისპირელებს პრესეზონიც ნაყოფიერი გამოუვიდათ - ჯერ თბილისში და შემდეგ ბელეკში. მთლიანობაში, დინამო ბათუმმა 8 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 2 წააგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა.

პრესეზონის ფარგლებში ერთ-ერთი საუკეთესო დინამოს ახალწვეული გიორგი ფანცულაია იყო, რომელმაც თავი 4 გოლით გამოიჩინა და ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. მას შარშანაც კარგი სეზონი ჰქონდა და საინტერესოა, რომ ტორპედოს ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ნამდვილად საუკეთესო გახლდათ.

ტორპედოს ასეთი ნაყოფიერი შეკრება არ ჰქონია. უფრო მეტიც: გუნდი უცხოეთში ვერ გაემგზავრა და მზადება საქართველოში გაიარა, სადაც მიხეილ აშვეთიას გუნდმა სამი ტესტ-მატჩი ჩაატარა დინამო ზუგდიდთან (2:1), მარტვილის მერანთან (0:0) და ზესტაფონთან (2:0). იმერულ გუნდში წინა სეზონთან შედარებით ბევრი ცვლილება მოხდა და შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად განახლდა. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია ისეთი, რომელიც შარშანაც ტორპედოში თამაშობდა - მაგალითად, ვაჟა ტაბატაძე, ოლეგ მამასახლისი და ირაკლი ძარია. გამოცდილ ფეხბურთელებზე ქუთაისელთა ბედი დიდად იქნება დამოკიდებული. ტორპედოს გასულ სეზონში სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ქვედა ლიგაში გავარდნას მხოლოდ პლეი აუტში გადაურჩა, სადაც გაგრას ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო (2:0, 1:1).

ცხადია, რა მოხდება სეზონში, ამას მატჩები და მისი მიმდინარეობა გამოაჩენს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, პრესეზონიდან და ტრანსფერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დინამო ბათუმი თუ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ტორპედოს მთავარი ამოცანი ამჯერადაც ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ახალი სათამაშო ფორმა [სეზონი 2021]

🌊🏟 ახალი სათამაშო ფორმა [სეზონი 2021] 🟠 europebet | 📰 popsport

Posted by FC Dinamo Batumi on Thursday, February 25, 2021


მიხეილ აშვეთია (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): "სამი კვირის წინ შევიკრიბეთ, გვიან დავიწყეთ მზადება და ლეგიონერებიც საკმაოდ გვიან შემოგვიერთდნენ. ამ ეტაპისთვის, რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად მოვემზადეთ. სამწუხაროა, რომ მაღალი დონის ამხანაგური თამაშები ვერ ვითამაშეთ და მოგვიწია ადგილობრივი რესურსით დაკმაყოფილება, ქვედა ლიგის გუნდებთან თამაში. ამიტომ, დინამო ბათუმთან მატჩი ჩვენთვის ერთგვარი რეპეტიციაა - რა დონეზე ვართ, რას წარმოადგენს გუნდი. მე ძალიან მეიმედება ამ ფეხბურთელების და იმედი მაქვს, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ტორპედოს ტრადიციები გავაგრძელოთ".

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "ვიცი, რომ ადვილი თამაში არ იქნება. ქუთაისში წარმატების მიღწევა ყოველთვის რთულია. თანაც, ეს სეზონის სტარტია და რთული ბრძოლის მოლოდინში ვართ. ყველა მეტოქეს დაფასება სჭირდება, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ წელს ჩემპიონობის ღირსეული კანდიდატები ვართ. დარწმუნებული ვარ, გუნდი ამას შეძლებს".

გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "ქუთაისის ტორპედოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც პროფესიონალი მოთამაშე ხარ და მოედანზე გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ. სწორედ ამიტომ, კონკრეტულად ტორპედოსთან მატჩი პირადად ჩემთვის დიდად განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს, მაგრამ თუ ტორპედოს გავუტან, გოლს, რა თქმა უნდა, არ ვიზეიმებ".

საინტერესო ფაქტები

⚽ ტორპედოსა და დინამო ბათუმის ბოლო 10 დაპირისპირებაში უპირატესობა იმერელთა მხარესაა: 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 თამაში ბათუმელებმა მოიგეს, უკანასკნელ 4 შეხვედრაში კი არ დამარცხებულან (2019 წლის 4 მაისის შემდეგ).

⚽ დინამო ბათუმს ქუთაისში ბოლო ორი გასვლითი მატჩი მოგებული აქვს. ბოლო 5 მატჩში კი უპირატესობა მაინც ქუთაისელთა მხარესაა: 3 მოგება, 2 წაგება.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩიდან ოთხ-ოთხჯერ 2.5-ზე მეტი გოლიც გავიდა და ორივე გუნდმაც გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში სამჯერ ერთნაირი ანგარიში 2:1 დაფიქსირდა. სწორედ ამ შეხვედრებში გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორივე გუნდმა გაიტანა. ორჯერ კი 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდს არ გაუტანია (იგულისხმება ოფიციალური მატჩები).

⚽ ტორპედოს ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბათუმელთა ახალწვეული გიორგი ფანცულაია გასულ სეზონში ტორპედოში თამაშობდა და 8 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა იმერელთა ეროვნულ ლიგაში დარჩენაში.

⚽ გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში ტორპედოს მთავარი მწვრთნელი იყო.

სავარაუდო შემადგენლობები

ტორპედო (5-3-1-1): ჰამზიჩი - თოდუა, ქაფიანიძე, მირცხულავა, ტუჩიბაევი, ნადარაია - მამასახლისი, ბოუკასი, რეკიში - ალაკუ - ფადი ზიდანი.

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი - ფანცულაია.
ტრავმა: გაფრინდაშვილი, სანოგო

 

კომენტარები

ბოლო ამბები